თავში

ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის მომავალი საფრთხეშია - ევროპარლამენტარები

ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის მომავალი საფრთხეშია - ევროპარლამენტარები
ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის მომავალი საფრთხეშია - ევროპარლამენტარები

ევროკავშირის დეპუტატები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტის შედეგებს ეხმაურებიან. განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტის დეპუტატების წუხილს იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები დანიელსონის წინადადებებს არ დაეთანხმნენ და აცხადებენ, რომ ამან, შესაძლოა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე იმოქმედოს.

,,ჩვენ ღრმად ვართ იმედგაცრუებული საქართველოს პოლიტიკური ლიდერებით, რომლებმაც გასულ სამშაბათს შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს, პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში დახმარების მიზნით ევროკავშირის მხრიდან ყველა მცდელობის მიუხედავად. ამაში დამნაშავეა როგორც მმართველი პარტია, ასევე დისკუსიებში მონაწილე ძირითადი ოპოზიციური პარტიები. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიას.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას კრისტიან დანიელსონის დაუღალავი შრომის მიმართ და მივესალმებით წინადადებებს, რომლებიც მან პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მედიაციის პროცესის გამჭვირვალობა.

პოლიტიკური პარტიების წევრებს შორის ნდობის აღდგენა მნიშვნელოვანია. ამ წინადადების შინაარსი ნამდვილად სწორი მიმართულებაა საქართველოსთვის: ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი დაყოფა საქართველოს პარლამენტში და, რაც მთავარია, გადაწყვეტილება მომავალი არჩევნებისა და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევის შესახებ. ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ასევე 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას. ჩვენ ასევე მივესალმებით ჟან-მონეს დიალოგის პროცესის იდეას, რომელსაც მხარს უჭერს ევროპარლამენტი, როდესაც პოლიტიკური სიტუაცია ამის საშუალებას იძლევა.

პოლიტიკური პარტიების მხრიდან კომპრომისზე უარის შემდეგ ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვეულებრივ გაგრძელდება.

კერძოდ, ევროპარლამენტი გააკეთებს მოწოდებას ფინანსური დახმარების თვალსაზრისით არსებული შედეგებისკენ, რომელთა შორის როგორც შემდგომი გადახდების შეჩერებაა, ასევე ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებთან დაკავშირებული პირობების გაზრდა.

იმავდროულად, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გატარება მოითხოვს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეუთო/ოდირიისა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულების აუცილებლობას. ეს რეფორმები ნდობის აღდგენის მთავარი გასაღებია. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ჭეშმარიტად ყოვლისმომცველი პროცესი, რათა თავიდან იქნას აცილებული როგორც მომავალი არჩევნებისთვის, ასევე სასამართლო სისტემისთვის ძირის გამოთხრა, და არ მოხდეს მომავალში შესაძლო შეთანხმებისთვის კარის არასაჭირო დახურვა.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები. ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის მომავალს საფრთხე ემუქრება”, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე;

მარინა კალიურანდი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი;

ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა), Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი;

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები, გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინირების ჯგუფის წამყვანი წევრი საქართველოს განხრით;

სვენ მიკსერი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი საქართველოს საკითხში;

მიხაელ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი უკრაინის საკითხში;

პიატრას აუშტრიავიჩიუსი (RENEW, ლიეტუვა), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი ბელარუსის საკითხში.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით საქართველოში ორჯერ ჩამოვიდა. 

ევროპელი დიპლომატის მედიატორობის მიუხედავად, მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system