თავში

ფრაქცია "ლელომ" პარლამენტს რეზოლუცია წარუდგინა

ფრაქცია "ლელომ" პარლამენტს რეზოლუცია წარუდგინა
ფრაქცია ლელომ პარლამენტს რეზოლუცია წარუდგინა

პარლამენტში ფრაქცია "ლელო - პარტიორობა საქართველოსთვის" წევრებმა, სალომე სამადაშვილის ინიციატივით საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე რეზოლუცია წარადგინეს.

რეზოლუციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს პარლამენტი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს ეროვნული ინტერესებით; ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს; ხელმძღვანელობს რა საქართველოს მოქალაქეების მიერ საგარეო-პოლიტიკური კურსის შესახებ გამოხატული ურყევი ნებით - ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის შესახებ ისტორიული არჩევანით, რომელიც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში; ითვალისწინებს რა ერთხმად მიღებულ „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ 2013 წლის 7 მარტის, „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ 2016 წლის 29 დეკემბრის და 2020 წლის 25 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის რეზოლუციებში ასახულ ძირითად მიდგომებს:

1.უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტორს მიერ 2021 წლის 12 დეკემბერს გავრცელებული განცხადების გამო, საქართველოს და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 2008 წლის ბუქარესტის სამიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დეზავუირების მოთხოვნის შესახებ.

2.აღიარებს რა საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოთა თანასწორობის პრინციპს და ეწინააღმდეგება რა მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფას, სურს, შეახსენოს რუსეთის ფედერაციას, რომ სუვერენული ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანი მესამე სახელმწიფოს ვეტოს არ ექვემდებარება.

3.შეახსენებს რუსეთს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. რომელიც მიმართულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების, ქართველი ხალხის კეთილდღეობის, დაცულობის და თავისუფლების უზრუნველსაყოფად. ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა არაა მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ და ემსახურება ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას.

4.არ იზიარებს რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების განცხადებას, რომ ჩრდილოატლანტიკურ თანამშრომლობის ორგანიზაციის გაფართოება საფრთხეს უქმნის ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურას. მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების სისტემის სტაბილურობას რისკის ქვეშ საერთაშორისო სამართლოს დებულებების, უპირველეს ყოვლისა კი, საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ხელყოფა აყენებს. ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გაფართოებამ ევროპის კონტინენტზე სტაბილურობა განამტკიცა, მათ შორის რუსეთისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების მომიჯნავე საზღვრებზე.

5.ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება.

6.საქართველოს პარლამენტი, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღველი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, საჭიროდ მიიჩნევს, რომ გაძლიერდეს ალიანსის წევრ ქვეყნებთან პოლიტიკური დიალოგი, გამოყენებული იქნას ნატოში ინტეგრაციის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი და ინსტიტუციური მექანიზმი, რათა დაჩქარდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მზადყოფნა და სრულყოფილ იქნას ნატოსთან თავსებადობა, ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანების სწრაფი უზრუნველყოფის მიზნით.

განმარტებითი ბარათი

„საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტზე

ა) ზოგადი ინფორმაცია რეზოლუციის შესახებ

ა.ა) რეზოლუციის მიღების მიზეზი

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეზოლუცია

რეზოლუციის პროექტის მიზანია პარლამენტმა საქართველოს სახელით უპასუხოს საგარეო ურთიერთობებში საქართველოს სახელმწიფოს წინაშე მდგარ გამოწვევებს და დააფიქსიროს საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა 2021 წლის 21 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება, საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 2008 წლის ბუქარესტის სამიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დეზავუირების მოთხოვნის შესახებ.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეზოლუციის მიღების აუცილებლობა

არსებული პრობლემის გადასაჭრელად, საქართველოს პარლამენტმა, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელმა უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.

ა.ბ) რეზოლუციის მოსალოდნელი შედეგები

რეზოლუციის შედეგად, საქართველოს პარლამენტი, მკაფიოდ დააფიქსირებს პოზიციას სახელმწიფოს დასავლური კურსის ურყევობის შესახებ.

ა.გ) რეზოლუციის ძირითადი არსი

რეზოლუცია პასუხობს 2021 წლის 21 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 2008 წლის ბუქარესტის სამიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დეზავუირების მოთხოვნის შესახებ. რეზოლუცია, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აფიქსირებს სახელმწიფოს დასავლური კურსის ურყევობას.

ა.დ) რეზოლუციის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთი კავშირი არ არსებობს.

ა.ე) რეზოლუციის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო რეზოლუციისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება

რეზოლუცია ძალაში უნდა შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა.ვ) რეზოლუციის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეზოლუციის დაჩქარებული წესით განხილვას)

საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, აუცილებელია რეზოლუციის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.

ბ) რეზოლუციის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)

ბ.ა) რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო

რეზოლუციის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯებისათვის დაფინანსების წყაროს მოძიების აუცილებლობას.

ბ.ბ) რეზოლუციის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

ასეთი გავლენა არ არსებობს.

ბ.გ) რეზოლუციის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

რეზოლუციის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეზოლუციის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით

რეზოლუციის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.

ბ.ე) რეზოლუციის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეზოლუციის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეზოლუციით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა

ასეთი შედეგები არ არსებობს.

ბ.ვ) რეზოლუციით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი

ასეთი არ არსებობს.

ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეზოლუციის ზეგავლენის შეფასება

რეზოლუცია არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.

გ) რეზოლუციის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

გ.ა) რეზოლუციის მიმართება ევროკავშირის სამართალთან

რეზოლუცია არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

გ.ბ) რეზოლუციის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან

რეზოლუცია არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) რეზოლუციის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეზოლუციის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი

რეზოლუცია არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან

ასეთი არ არსებობს.

დ) რეზოლუციის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღეს რეზოლუციის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთები არ არსებობენ.

დ.ბ) რეზოლუციის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეზოლუციის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეზოლუციის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეზოლუციის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს" - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ე) რეზოლუციის ავტორი

სალომე სამადაშვილი

ვ) რეზოლუციის ინიციატორი

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი: სალომე სამადაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system