თავში

ფურცხვანიძემ სატელიტის ფოტოების გაყალბება საკუთარ შვილს სთხოვა - პროკურატურა

ფურცხვანიძემ სატელიტის ფოტოების გაყალბება საკუთარ შვილს სთხოვა - პროკურატურა
ფურცხვანიძემ სატელიტის ფოტოების გაყალბება საკუთარ შვილს სთხოვა - პროკურატურა

დავით ფურცხვანიძემ, რომელიც დღეს  მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს, სატელიტით გადაღებული ფოტოების გაყალბება საკუთარ შვილს სთხოვა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შედეგად, დ.ფ.-სთვის ცნობილი გახდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და მისი ადვოკატების ვერსიის თაობაზე, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა თითქოსდა 2020 წლის 18-22 ივლისს არ იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც ნანახი იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი. ასევე დაკავებულისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ საქართველოს პროკურატურა ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს სატელიტური ფოტოების მოძიების მიზნით.

დ.ფ.-მ საკუთარი ორგანიზაციის რეკლამირების და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსების მიღების მიზნით განიზრახა ყალბი მტკიცებულებების შექმნა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ამ ინფორმაციის გამოძიებისთვის მიწოდება.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაკავებული დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს და სთხოვა შემთხვევის ადგილის კოორდინატების მიწოდება. 2020 წლის 07 სექტემბერს დ.ფ.-მ სოციალურ ქსელ “სკაიპის” საშუალებით მიიღო ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტური ფოტოსურათები, თუმცა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით განიზრახა აღნიშნული ფოტოების გაყალბება, რა მიზნითაც ზემოხსენებული ფოტოები ელექტრონული ფოსტის გამოყენებით გადაუგზავნა მის შვილს და სთხოვა დამუშავება იმ ფორმით, რომ შთაბეჭდილება შექმნილიყო თითქოსდა აღნიშნული სატელიტური ფოტო გადაღებულია 2020 წლის 19 ივლისს და მასზე თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა არ არის ასახული. დაკავებულის შვილის ჯ.ფ-ს მიერ მოხდა აღნიშნული ფოტოსურათის დამუშავება და ელექტრონული ფოსტით გადაგზავნა დ.ფ.-სთვის.
დაკავებულმა გაყალბებული სურათები სოციალურ ქსელ “Whats App”-ის საშუალებით გადაუგზავნა მიხეილ რამიშვილს, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული ფოტოები წარუდგინა გამოძიებას მტკიცებულების სახით. მოცემულ ფოტოებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ფოტოსურათები არის ყალბი და დამზადებულია მონტაჟის გზით"
- აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, ფურცხვანიძემ გარკვეული ფოტო-მასალ მიაწოდა, რომელიც მისი მტკიცებით, სატელიტის მიერ არის გადაღებული და იმ ადგილს, ასახავს, სადაც ბაჩალიაშვილის მანქანა აღმოაჩინეს. რამიშვილი აცხადებს, რომ ფოტოები 19 ივნისით თარიღდება და ჩანს, რომ იმ დღეს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მაწევანის ტყეში არ დგას.

დავით ფურცვანიძე, რომელმაც რამიშვილს აღნიშნული ფოტოები მიაწოდა, დღეს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე პატიმორობას ითვალისწინებს.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს პროკურატურამ მობილური ტელეფონი ჩამოართვა. როგორც საქმის პროკურორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, რამიშვილის ტელეფონი საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რადგან მასში დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა და სატელიტის ფოტოების მოპოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არსებობს. რამიშვილი ფურცხვანიძის მიერ მიწოდებული მასალების საქმეზე მტკიცებულების სახით დართვას ითხოვდა, თუმცა პროკურატურამ განაცხადა, რომ სატელიტის მიერ გადაღებული ფოტოები ყალბია.

რამიშვილი მომხდარს მის პირად სივრცეში შეჭრად აფასებს. როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს განჩინებაში ეწერა, რომ ექსპერტიზა მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან დაკავშირებულ მიმოწერას ნახავდა, თუმცა მობილურში სხვა ინფორმაციის კლონირებაც გააკეთეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system