თავში

გახარია: კიბერსაფრთხეები შეიძლება გამოწვევად იქცეს

გახარია: კიბერსაფრთხეები შეიძლება გამოწვევად იქცეს
გახარია: კიბერსაფრთხეები შეიძლება გამოწვევად იქცეს

წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება, ხოლო კიბერსივრცესთან დაკავშირებული საკითხები, რისკები და საფრთხეები შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ კიბერუსაფრთხოების ფორუმი, რომელიც თბილისში პირველად ტარდება, კიბერსივრცეში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების გზაზე მნიშვნელოვან მოვლენად უნდა იქცეს.

"კიბერგანზომილება ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. კიბერსივრცეში ყოველდღიურად ხდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც წარმოადგენს არსებით ელემენტს მთავრობების, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის და ზოგადად, ქვეყნების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. სამწუხაროდ, ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველო რამდენჯერმე დადგა მსგავსი საფრთხეების წინაშე. ჩვენ ყველას გვახსოვს კიბერშეტევები რუსეთის მხრიდან 2008 წლის კონფლიქტის დროს; 2019 ოქტომბრის შეტევა, რომლის სამიზნეებსაც წარმოადგენდა კერძო და საჯარო სექტორის ვებგვერდების დიდი რაოდენობა და ბოლო შეტევა, რომელიც განხორციელდა პირველ სექტემბერს, როცა ზიანი მიადგა საქართველოს ჯანდაცვის ინსტიტუტებს, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიას. ხსენებულ საფრთხეებთან ეფექტიანად საბრძოლველად ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი სტრუქტურული ბაზის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს შესაბამისი უწყებების მუშაობას მკაფიოდ გამიჯნული როლებისა და უფლებამოსილებების საფუძველზე. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბევრი მიმართულებით ვდგავართ გამოწვევების წინაშე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, აღმოვფხვრათ ეს ხარვეზები. შესაბამისად, დღევანდელი ღონისძიების მიზანს წარმოადგენს მაღალ პოლიტიკურ დონეზე კიბერუსაფრთხოების სფეროში ჩვენი ერთობლივი განზრახვების კიდევ ერთხელ დადასტურება და ამავდროულად, სამუშაო დონეზე საქართველოს კიბერუსაფრთხოების არქიტექტურის, ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის კანონპროექტის და ინფორმაციის უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმის დეტალური განხილვა," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system