თავში

გაზაფხულზე საქართველოს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა

გაზაფხულზე საქართველოს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა
გაზაფხულზე საქართველოს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოწვევით, თბილისს გაზაფხულზე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ერდოღანმა საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

თურქეთის რესპუბლიკის მეთაურმა გიორგი გახარიას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა.

“იგი გახლავთ ლიდერი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობისას ჩვენს შინაგან საქმეთა მინისტრთან ახლო თანამშრომლობა ჰქონდა. მჯერა, რომ ძვირფასი მეგობრის ლიდერობისას საქართველო განაგრძობს განვითარებას და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდება. შეხვედრაზე ჩვენი ისტორიული კავშირები, ერთობლივი ფასეულობები და მეზობლობით ჩვენთვის მოტანილი შესაძლებლობები განვიხილეთ. დღეს მითითება მივეცი საგარეო საქმეთა მინისტრს და უახლოეს მომავალში გაიმართება სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს შეხვედრა. ჩვენს მეგობარ საქართველოსთან ვაჭრობიდან ტურიზმამდე, ენერგეტიკიდან თავდაცვამდე, ყველა სფეროში განვითარებადი ურთიერთობები გვაქვს. მჯერა, სტრატეგიული პარტნიორობა არა მხოლოდ ორი ქვეყნისთვის, რეგიონისთვისაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება. მოძმე აზერბაიჯანთან ერთობლივმა ენერგო და სატრანსპორტო პროექტებმა კავკასიიდან ანატოლიისკენ სტაბილურობის სარტყელის შექმნა უზრუნველყო. სტრატეგიული ხედვით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ბუნებრივი აირის მილსადენს, საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ერთად განხორციელებული ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტიც მივამატეთ, რითაც ენერგეტიკის სფეროში ჩვენი რეგიონი ცენტრად ვაქციეთ. მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ტრანსპორტირების საკითხში. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ამ კუთხით ისტორიული ნაბიჯია. ამ სარკინიგზო ხაზის გახსნით 3 მეგობარი ქვეყანა კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა ერთმანეთს. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ლონდონიდან პეკინამდე გადაჭიმული მარშრუტის შუაგულში მდებარე მნიშვნელოვან ხაზს წარმოადგენს", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ასევე განხილული იყო უსაფრთხოების სფერო, ორმხრივი თანამშრომლობა და ერთობლივი წვრთნები, რომლებიც ქართველი და თურქი სამხედროების მონაწილეობით, რეგულარულად იმართება.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როგორც საქართველოა თურქეთისთვის წინაპრების სამშობლოში მყოფ ძმებთან დამაკავშირებელი ხიდი, ასევეა თურქეთი საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობების ჯანსაღი ფორმით დამყარებაში სტრატეგიული ხიდი. 

“მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერს და ძვირფას დელეგაციას ნაყოფიერი ვიზიტისთვის. უმაღლესი დონის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ, მზად ვარ, მივიღო თქვენი მოწვევა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, გაზაფხულზე”, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system