თავში

გიორგი ბარამიძე გოცირიძესა და სამადაშვილს მოუწოდებს აქტივისტს ბოდიში მოუხადონ

გიორგი ბარამიძე გოცირიძესა და სამადაშვილს მოუწოდებს აქტივისტს ბოდიში მოუხადონ
გიორგი ბარამიძე გოცირიძესა და სამადაშვილს მოუწოდებს აქტივისტს ბოდიში მოუხადონ

,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე თანაპარტიელებს, რომან გოცირიძეს და სალომე სამადაშვილს მოუწოდებს, ბოდიში მოუხადონ აქტივისტს, რომელმაც დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა 

ბარამიძის თქმით, სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს. 

მისივე თქმით, ნაგვის დაყრა არ არის ,,ნაციონალური მოძრაობის" მეთოდი და არ ამართლებს ამ საქციელს, თუმცა, პოლიტიკოსების მხრიდან, მათი აქტივისტების შეურაცხყოფა სრულიად მიუღებელია.

,,ჩვენი მეთოდი არ არის ნაგვის დაყრა და არავის მოვუწოდებთ ამას. ირაკლი ჩავლეიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც ამ გულანთებულ ადამიანებთან ერთად იბრძოდა რეჟიმის წინააღმდეგ, პირობას დებდა, რომ არ შევიდოდა იმ უმაღლეს საბჭოში, მერე უცებ გადაატრიალა ფირფიტა, შევიდა და დაუწყო ამ ახალგაზრდებს ლანძღვა. 

და მეორე, უნამუსობაა, საკუთარი მხარდამჭერი, რომელიც დღედაღამ ყინვაში იქ არის, ამუნათო. 

თუკი ჩვენ მათ მიმართ რაიმე შენიშვნა გვაქვს, ძალიან დიდი მოწიწებით და მოკრძალებით უნდა ვთქვათ ეს და არა, ვუწოდოთ უნამუსოები, ლაჩრები, ბრბო. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რომან გოცირიძეს და სალომე სამადაშვილს ბოდიში მოუხადონ ჩვენ ხალხს. იმ ადამიანებს, რომლებზეც ჩვენ ყველანი ვართ დამოკიდებულნი. ცალკე აღებული პოლიტიკოსი არ არსებობს, არსებობს ექსპერტი, ანალიტიკოსი და თუ უნდათ იყვნენ. ამ ადამიანების მხრებზე ვდგავართ ჩვენ და თუ უნდათ იყვნენ ამ ადამიანების წარმომადგენლები პოლიტიკაში, ბოდიში უნდა მოუხადონ", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია ,,ფორმულას" ეთერში.

ცნობისთვის, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა რომან გოცირიძემ და სალომე სამადაშვილმა ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მწვავე შეფასებები გააკეთეს. 

სალომე სამადაშვილმა მომხდარს ამაზრზენი უწოდა. 

რომან გოცირიძის შეფასებით კი, ბათუმში მომხდარი სამარცხვინო საქციელია.

ცნობისთვის, 23 იანვარს, ბათუმის ბულვარში გამართულ საპროტესტო აქციაზე მისულ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მოძრაობა ,,ალტერნატივას" წევრმა ირაკლი ფანგანმა თავზე ნაგავი დააყარა. 

სამართალდამცველებმა აქტივისტი 24 იანვარს დააკავეს, მის მიმართ გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით მიმდინარეობს.

დღეს ირაკლი ჩავლეიშვილზე თავდასხმისთვის დაკავებული ირაკლი ფანგანი პატიმრობიდან გათავისუფლდა, ვინაიდან ბრალდების მხარე მისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system