თავში

გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა

გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა
გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ამის მიზეზად მან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხი დაასახელა. 

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ ნებისმიერი, თუნდაც კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად. 

მისივე შეფასებით ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როცა ყველა სახის რისკი გადაზღვეული იქნება და ქვეყანაში ესკალაციის საბაბს არ შექმნის.

„ნიკა მელია გახლავთ ადამიანი, რომელიც კანონმდებლობას პატივს არასდროს სცემდა და ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც 20 ივნისს ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ. ის იყო პარლამენტში შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი ადამიანის მიმართ, თუნდაც, კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკ უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას ქმნის, არის მიუღებელი.

დღეს განსაკუთრებით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაციაა, თვითონ ქვეყნის განვითარების, მისი უსაფრთხოებისა და მომავლის რისკებს ქმნის. მაშინ, როდესაც ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებს ვებრძვით და რაც მთავარია ჩვენ ყველანი ერთად პოლარიზაციას ვებრძვით, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკები და როდესაც არ იარსებებს არანაირი რისკი მიუხედავად პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციისა, თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება არის ყველზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის და ეკონომიკური განვიტრების“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system