თავში

გიორგი გახარიამ უკრაინაში ვიზიტის შედეგი შეაჯამა

გიორგი გახარიამ უკრაინაში ვიზიტის შედეგი შეაჯამა
გიორგი გახარიამ უკრაინაში ვიზიტის შედეგი შეაჯამა

ჩვენ განვსაზღვრეთ ფორმატი, მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნა. ეს ნიშნავს, რომ უკვე არის კონკრეტულად სტრუქტურირებული ფორმატი, რომლის ფარგლებში საქართველო და უკრაინა ორმხრივი ურთიერთობის ყველა საკითხებს განიხილავენ, განავითარებენ და ერთად მიაღწევენ მიზანს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უკრაინაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს და უკრაინას მსგავსი გამოწვევები აქვთ.

„მთავარი გახლავთ, რომ მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატს აქვს რამდენიმე განზომილება. რა თქმა უნდა, ეს არის ეკონომიკა, ეს გახლავთ უსაფრთხოება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რა თქმა უნდა, ეს გახლავთ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულება. ჩვენ ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ასევე ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ შეგვიძლია გამოწვევებს უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ. ჩვენ მსგავსი გამოწვევები გვაქვს უსაფრთხოების ნაწილში და ეს გახლავთ ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აღვუთქვით, რომ საქართველო თავის მხრივ, უპირობოდ, ყოველთვის, ყველა ფორმატში, ყველა დონეზე მხარს დაუჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

გარდა ამისა, იყო შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან, მთავრობის ხელმძღვანელთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან და ძირითადი ამ შეხვედრებში გახლდათ შემდეგი, რომ ჩვენი თანამშრომლობა უახლოესი წლების განმავლობაში უნდა იყოს ბევრად უფრო ეფექტური, ბევრად უფრო ინტენსიური და ამაში დაინტერესებულია ორივე მხარე. ორივე მხარე დღეს ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანია ეფექტური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა უკრაინასა და საქართველოს შორის. ერთად შეგვიძლია უფრო სწრაფად განვვითარდეთ ევროინტეგრაციის მიმართულებით და უფრო ეფექტურად დავიცვათ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ეს მხარდაჭერა გახლავთ ის, რასაც დაეფუძნება ჩვენი თანამშრომლობა. რა თქმა უნდა ეკონომიკაც, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო კორიდორები, რა თქმა უნდა ვაჭრობაც“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ბევრი ისაუბრა უკრაინაში დაგეგმილ რეფორმებზე.

„მან გვთხოვა დახმარება რამდენიმე მიმართულებით. ჩვენ ჩვენი მხრივ აღვუთქვით, რომ ის გამოცდილება, რომელიც საქართველოს გააჩნია სხვადასხვა სფეროში რეფორმირების, ბოლო წლებში გატარებულის, იქნება გაზიარებული უკრაინისა და მის ხელმძღვანელობისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვითანამშრომლოთ ზუსტად ისე, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს შეეფერებათ“, – განაცხადა გახარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system