თავში

გიორგი ვაშაძე: ოპოზიცია ერთიანია, უმრავლესობის ვარიანტს მხარს არ დავუჭერთ

გიორგი ვაშაძე: ოპოზიცია ერთიანია, უმრავლესობის ვარიანტს მხარს არ დავუჭერთ
გიორგი ვაშაძე: ოპოზიცია ერთიანია, უმრავლესობის ვარიანტს მხარს არ დავუჭერთ

110/40-ზე ჩვენთვის არის მიუღებელი, ჩვენ ამას არ დავუჭერთ მხარს და ოპოზიცია არის ერთნაირი - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განუცხადა. 

"ქართული ოცნება ჩიხშია და სწორედ ის გვევაჭრება, ჩვენ პირველივე დღიდან იმ პოზიციაზე ვართ, რაც გვქონდა. ჩვენი ვერსია 130/20 არის ის, რაც მათ უნდა მიიღონ, ეს არის სისტემა, რომელიც მაქსიმალურად ახლოსაა პრპპორციულთან. ზეპირ შეთავაზებას აკეთებენ იმიტომ, რომ თავად ვერ გაიგეს ზუსტად რას გვთავაზობენ, ამიტომაც მათი შეთავაზება უნდა დაიწეროს მკაფიოდ. კინზინგერის განცხადება მიუთითებს საქართველოს შესაძლო იზოლაციაზე, რაც უნდა გამოსწორდეს. დასავლელი პარტნიორები ქართველი ხალხის გვერდით დგანან" -  განაცხადა ვაშაძემ. 

შეგახსნებთ, რომ 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების დროს, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირება არ შესრულდა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უმრავლესობის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. პროტესტის ნიშნად უმრავლესობა დატოვა დეპუტატების ნაწილმა. პარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ, საპარლამენტო თანამდებობები და უმრავლესობა დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა, ირინე ფრუიძემ, მარიამ ჯაშმა და აკაკი ზოიძემ. ამის შემდეგ კი, საპარლამენტო უმრავლესობას ზვიად ძიძიგურის პარტია "კონსერვატორებიც" გამოეთიშნენ.

ამის შემდეგ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიპლომატების ინიციატივით, მოლაპარაკებები დაიწყო, სადაც მმართველი გუნდი ოპოზიციას პროპორციული მანდატების 100-მდე გაზრდას და მაჟორიტარულის 50-მდე შემცირებას სთავაზობდა.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიპლომატების ორგანიზებული მოლაპარაკებები "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ შეწყდა. თბილისის ყოფილ მერს უზენაესმა სასამართლომ 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

უგულავას დაკავების შემდეგ, ოპოზიციამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, თუ მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს და ისეთ საარჩევნო მექანიზმს არ დათანხმდება, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას არ მისცემს.

მოგვიანებით, შეწყვეტილი დიალოგი კვლავ დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით განახლდა. ამ ეტაპზე, ოპოზიცია და მმართველი გუნდი დიალოგს დიპლომატიურ კორპუსთან ერთად არაოფიციალურ შეხვედრებზე აგრძელებს. საარჩევნო საკითხებზე პირველი არაფორმალური შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მორიგი რაუნდი მალე შედგება. ამის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა გერმანიის ელჩის რეზიდენციაში შედგა.შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ახლოს არიან შეთანხმებასთან. პოზიციების დაახლოებასა და მოსალოდნელ შეთანხმებაზე ისაუბრა ოპოზიციონერმა დავით უსუფაშვილმაც.

ოპოზიციის განცხადებით, ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობის პროპორციულობას არის 130/20-ზე, თუმცა ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე უმრავლესობასთან შეთანხმებაზე უარს ამბობენ.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ 40%-იან ბარიერზე თანახმა არიან, რადგან 50%-ზე ნაკლების აღებას არ აპირებენ. მათ ოპოზიციას 110/40-ზე ფორმატი შესთავაზეს, თუმცა დაკავებულ ოპოზოციონერებს ისინი პოლიტპატიმრებად არ მიიჩნევენ. მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეთანხმება უახლოეს დღეებში უნდა შედგეს, რადგან 9 მარტის შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებები ვეღარ მოესწრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system