თავში

გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს

გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს
გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება. 

ექს-პრემიერის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,პოზნერის ვიზიტზე - თავშივე ვიტყვი: ჩემთვისაც, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და გადაწყვეტილების სუვერენულად მიღების უფლება ხელშეუხებელი ფასეულობაა, შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანის შეხედულება თუ გამონათქვამი, რომელიც პროპაგანდირებს საპირისპიროს, მიუღებელია და ისევე აღმაშფოთებელი, როგორც ყველა ქართველი პატრიოტისთვის. 

ასევე შეუძლებელია მოიწონო ანტიპანდემიური წესების დემონსტრატიულად დარღვევა.

ახლა ცოტა მეტი პრაგმატიზმით შევხედოთ ამ მოვლენას:

არაეკონომისტებისათვის ზედმეტად გავამარტივებ და მიზეზებზე არ შევჩერდები, ვინაიდან პოლიტიზირება შორს წაგვიყვანს - ქართული ვალუტის კურსი ძირითადად იმ 4 მატერიალურ ფაქტორს უჭირავს, რომელიც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლას განაპირობებს:

1. ექსპორტი

2. უცხოური ინვესტიციები

3. ფულადი გზავნილები

4. ტურიზმი

მეხუთე - არამატერიალური ფაქტორი - რომელიც განაპირობებს სრული დოლარიზაციისგან თავის შეკავებას და ანაბრების მნიშვნელოვანი მასის ეროვნულ ვალუტაში შენახვას, გახლავთ ადამიანების მოლოდინები და ზოგადი ოპტიმიზმის დონე.

უცხოურ ინვესტიციებში არსებული მნიშვნელოვანი ჩავარდნის ნაწილობრივ მაინც დასაკომპენსირებლად მთავრობას გააჩნია ერთადერთი მოკლევადიანი ინსტრუმენტი - ტურიზმი, ვინაიდან ექსპორტზე ზეგავლენა მოკლე ვადაში პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო ფულადი გზავნილების რაოდენობაზე მთავრობას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.

პრივატიზაციის გზით ინვესტიციების მიღებაც არსებულ სიტუაციაში ურთულესი ამოცანაა. მეხუთე, არამატერიალურ ფაქტორს რაც შეეხება, მოსახლეობის ოპტიმიზმშიც ვერ გვაქვს საქმე კარგად.

დარჩა ტურიზმი, რომლის დაბრუნებაც პანდემიამდელ მაჩვენებელზე გლობალური გამოწვევაა; იმ მწირი დებეტიდან, რაც საქართველოს ტურიზმში შემორჩა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც სახმელეთო საზღვარი გაგვაჩნია. 

ამ ოთხი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთაგან ტურისტის პროპორციული შემადგენელი ყველაზე მაღალი რუსეთიდან გვაქვს.

ეს ყველაფერი მშრალი ფაქტებია.შესაბამისად, წუხანდელი საღამო და ის ზღვარგადასული რეაქცია, რაც ვიხილეთ, გარდაუვალად დააზიანებს დარჩენილთა შორის ვალუტის შემოდინების იმ უმსხვილეს უცხოური ვალუტის ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან უმეტესად სახმელეთო, და ასევე საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისგან.

სამწუხაროდ, შედეგი სავალალო იქნება: საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობისთვის (არა მარტო მათთვის, ვინც ტურიზმით პირდაპირ თუ ირიბად სარგებლობს) ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება", - წერს გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, ჩარტერული რეისით დატოვეს.

პოლიციამ რუსი ჟურნალისტი და მისი 31 სტუმარი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

თბილისში რუსი ჟურნალისტის ვიზიტს პროტესტი მოჰყვა.

"აჭარა ჯგუფმა", რომლის მფლობელობაში არსებულ სასტუმრო "რუმსშიც" პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ, განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი იზიარებენ პროტესტის სულისკვეთებას და გმობენ ოკუპაციას.

შსს-ში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.

სასტუმრო, ვინოტელი, სადაც ვლადიმერ პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ივახშმეს, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს.

სასტუმრო ,,რუმს ჰოტელს", სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ, კვერცხები ესროლეს.

ამასთან, მოსკოვში დაბრუნებული რუსი ტელეწამყვანი ვლადიმერ პოზნერი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის დაჯარიმდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system