თავში

"გირჩი - მეტი თავისუფლება" განცხადებას ავრცელებს

"გირჩი - მეტი თავისუფლება" განცხადებას ავრცელებს
გირჩი - მეტი თავისუფლება განცხადებას ავრცელებს

"გირჩი მეტი - თავისუფლება" საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, საქართველოში სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფამდე, - ამის შესახებ "გირჩი მეტი - თავისუფლებას" განცხადებაშია აღნიშნული.

"ხელისუფლება უგულვებელყოფს საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის და დასავლელი პარტნიორების მოთხოვნებს ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და სასამართლოზე პოლიტიკური წნეხის მოხსნის თაობაზე; ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს უსაფუძვლოდ უზღუდავს მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელ სერვისზე წვდომას, რითიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს. "გირჩი - მეტი თავისუფლება" უერთდება საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ იქნას ჰოსპიტალიზებული რომელიმე კერძო, C-კლასის კლინიკაში. 

21 ოქტომბერს სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამართულ კონსილიუმზე, პროფესიონალ მედიკოსთა ჯგუფმა მკაფიოდ და გარკვევით განაცხადა, რომ შიმშილობით გამოწვეულ შესაძლო გართულებებთან გამკლავება მხოლოდ მრავალპროფილიანი და მულტიფუნქციური კლინიკის პირობებშია შესაძლებელი.

საქართველოს ომბუდსმენის ოფისმა გლდანის პენიტენციურ საპყრობილესთან არსებული კლინიკის დათვალიერებისას დაასკვნა, რომ პენიტენციური კლინიკის სტანდარტი არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ აღწერილი კლინიკის სტანდარტს არც ტექნიკური და არც სამედიცინო პერსონალის თვალსაზრისით.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარების დამძიმება და გართულება მთლიანად საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. დაუშვებელია, სახელმწიფო, ქართველი ხალხის სახელით, ამგვარად ეპყრობოდეს პატიმრობაში მყოფ ნებისმიერ ადამიანს", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 26 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system