
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სატელეფონო საუბარი შეაფასა და განაცხადა, რომ მთავარი გზავნილი სახელმწიფო მდივნისგან იყო ის, რომ არ გაბედონ არჩევნების გაყალბება.
მისი თქმით, ამაზე მიუთითებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციაც.
,,პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს შორის საუბრის შემაჯამებელი შინაარსი გამოქვეყნდა ტვიტერზე. ეს იყო ძალიან მოკლე და ნიშნავდა შემდეგს: არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები! მორჩა, ეს იყო მისი განცხადება ტვიტერზე. შემდეგ როცა მთავრობა ამბობს, რომ საუბარი იყო ამაზე, იმაზე, დიახ, ეს დიპლომატიური ეტიკეტის ნაწილია - გამარჯობა, როგორ ხართ? ინფექცია როგორ გადაიტანეთ? ჩვენები პასუხობენ - გმადლობთ, კარგია, რომ ფული მოგვეცით ინფექციის საწინააღდეგოდ. მთავარი რაც იყო და რისთვისაც შედგა ეს საუბარი გამოქვეყნდა ტვიტერზე. იქნება უმკაცრესი დაკვირვება აშშ-ის მხრიდან არჩევნებზე და იმ შემთხვევაში, თუ დაინახეს, რომ არჩევნები ტარდება უსამართლოდ, მას ექნება უმწვავესი და უმკაცრესი შედეგები საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეს დასკვნა უნდა გამოიტანოს ხელისუფლებამ. გარდა ამისა, იყო საუბარი სასამართლოს არასწორ მუშაობაზე, მაგრამ მთავარი შინაარსი, როგორც აღვნიშნე იყო, რომ არავინ გაბედოს არჩევნების გაყალბება. ნუ იქნება ძალადობა, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება-ეს იყო საუბრის მთავარი შინაარსი", - განაცხადა გოცირიძემ.