თავში

"გვაქვს უტყუარი ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან" - გახარია

"გვაქვს უტყუარი ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან" - გახარია
გვაქვს უტყუარი ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან - გახარია

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა.

გიორგი გახარიას თქმით, ის ნარკოტესტს ევროპაში ჩაიტარებს.

"მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია პირდაპირ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა "ოცნების" ბოსების მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გამეკეთებინა მე. 

იმისთვის, რომ არავის მივცეთ ასეთი სპეკულაციების გაგრძელების შესაძლებლობა, არ გავიკეთებ ამ ტესტს, უფრო სწორად, არ ჩავაბარებ ამ ტესტს აქ, კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ გუნდთან თათბირის შემდეგ გადავდგამთ ნაბიჯს, დავკარგავთ საარჩევნო კამპანიისთვის ერთ მნიშვნელოვან დღეს და გავფრინდებით ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს. როგორც ვიცით, ანალიზის პასუხი გვექნება ორ კვირაში და რა თქმა უნდა, იქნება საჯარო", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ 6 სექტემბერს ნარკოტესტი გაიკეთა და განაცხადა, რომ "ყველანაირად სუფთაა". ნარკოტესტის გაკეთებისკენ კახა კალაძემ მის კონკურენტებს, თბილისის მერობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა.

ამასთან, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მერობის კანდიდატი გიორგი გახარია "დღესვე რომ წასულიყო ნარკოტესტის გასაკეთებლად" ამ თემაზე კითხვებს მოხსნიდა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, მას არ აქვს სამედიცინო შემოწმების პრობლემა და ეს ადრეც გაუკეთებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system