თავში

სენატორები გიორგი გახარიას კრიტიკულ წერილს უგზავნიან

სენატორები გიორგი გახარიას კრიტიკულ წერილს უგზავნიან
სენატორები გიორგი გახარიას კრიტიკულ წერილს უგზავნიან

საქართველოს მთავრობამ ვაშინგტონიდან მორიგი კრიტიკული წერილი მიიღო. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობას წერილით მიმართავენ.

,,ბატონო პრემიერ-მინისტრო გიორგი გახარია,

გწერთ, რომ გამოვხატოთ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენი ღრმა შეშფოთება. 29 წლის განმავლობაში, რაც საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენ ვიხილეთ დემოკრატიის დამკვიდრება, ეკონომიკური ზრდა, სამოქალაქო საზოგადოების აყვავება და მმართველობის მკვეთრი გაუმჯობესება. საქართველოს ერთგულება ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემისა და კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკისადმი თქვენი რეგიონისთვის შთამბეჭდავი მაგალითია. ორივე ჩვენგანი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლები ვიყავით და საქართველოს მიერ დემოკრატიის ამ მთავარი ფასეულობების დაცვამ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. უკვე ათწლეულებია, რაც საქართველოს განვითარების გზაზე შეერთებული შტატები მისი მხურვალე მხარდამჭერია.

თუმცა, ჩვენ სულ უფრო შეშფოთებულნი ვართ ბოლო მოვლენებით, რომლებიც ქართული დემოკრატიის და სახელმწიფო მმართველობის შესუსტებაზე მიუთითებს. ორი მთავარი საკითხი არის პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის დაპირების შეუსრულებლობა და მთავრობის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობა. ვიცით, რომ დაპირებული საარჩევნო რეფორმა ითვალისწინებდა ქართველი ამომრჩევლისთვის პროპორციული წარმომადგენლობის მიცემას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისტემას რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიისთვის არ მიეცა გაუმართლებელი უპირატესობა. თქვენი მთავრობის გადაწვეტილება, რომ ეს ცვლილება არ მომხდარიყო, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პასუხისმგებლობისგან უკუსვლაზე მიუთითებს. ამასთან ერთად, მასობრივი, თუმცა მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც ამას მოჰყვა, მკაფიო ნიშანია, რომ ამ ჩავარდნით უკმაყოფილება არსებობს. მთავრობის მიერ ამ პროტესტების ძალადობრივი ჩახშობა ქართველების დემოკრატიული უფლებების და მთავრობის მიერ მისი მოქალაქეების დაცვის ვალდებულების დარღვევაა.

ამასთან, ბოლო პერიოდში ოპოზიციის ლიდერების მიზანში ამოღება როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური მეთოდებით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის დამატებითი მტკიცებულებაა. ცნობები, რომ ოპოზიციის ლიდერებს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები ფიზიკურად უსწორდებიან ან მათზე ძალადობენ, შემაშფოთებელია. ასევეა, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ წლების წინ დახურული სისხლის სამართლის საქმეების ხელახლა გახსნა. პოლიტიკოსებს უნდა შეეძლოთ ისარგებლონ თავისუფლად საუბრის უფლებით და საქართველოს სასამართლო სისტემა არ უნდა იყოს გამოყენებული მათთვის ამ თავისუფლების შეზღუდვის იარაღად.

და ბოლოს, ჩვენ ვართ განსაკუთრებით შეშფოთებულნი რომ საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ძირი ეთხრება უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლის უვადოდ დანიშვნით, სანამ მათი კვალიფიკაცია სრულად იქნა შეფასებული, როგორც ეს აღნიშნა ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციამ თავის 2020 წლის იანვრის მონიტორინგის ანგარიშში. მიუკერძოებელი და დიდი გამოცდილების მქონე მოსამართლეების ნაცვლად, პოლიტიკური მოკავშირეების უმაღლეს სასამართლოში დანიშვნა იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს უთხრის ძირს, რომლებმაც რეგიონში საქართველო შესაშური მაგალითი გახადა.

ცოტა ხნის წინ გაკეთებული ბატონი ივანიშვილის განცხადება, რომ აქციების უფრო მეტ მონაწილეს მოუწევს ციხეში წასვლა, კიდევ ერთი შემაშფოთებელი ამბავია. ჩვენ იმედი გვაქვს, ეს არ არის იმის ნიშანი, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა სასამართლო და პოლიცია არამართებულად გამოიყენოს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

ჩვენ წლებია შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის მტკიცე მხარდამჭერები ვართ და ჯერ ისევ გვჯერა, რომ თქვენ გაქვთ ძლიერი დემოკრატიული საფუძველი. თუმცა, ეს მოვლენები ჩვენ გვაჩერებს და გვიჩენს კითხვებს ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულების თაობაზე. ასევე, ჩვენ ვშიშობთ, რომ რეფორმების კუთხით პროგრესის ნაკლებობა და საქართველოს შიგნით დაპირისპირების ზრდა, კარს გაუღებს რუსეთის უფრო მეტად ჩარევას ქვეყანასა და რეგიონში. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ქმედებები, უფრო დიდი საფრთხის წინაშე იქნება საქართველოს უსაფრთხოება და ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ჩვენს პარტნიორობას გადავხედოთ. დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოს ბევრი საერთაშორისო მხარდამჭერი ყავს და ჩვენ ძალიან გვსურს გავაგრძელოთ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა. თუმცა, ჩვენ გვაქვს მოტივაცია მხარი დაუჭიროთ საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეგვეძლება საქართველოს დავეყრდნოთ როგორც სტაბილურ, სანდო და დემოკრატიულ პარტნიორს ამ საქმეში. ჩვენ გულწრფელად გვაქვს იმედი, რომ თქვენ სწრაფად ეცდებით ამ დაღმასვლის შემობრუნებას და შეასრულებთ დაპირებებს, რომლებიც ქართველ ხალხს მიეცა".- აღნიშნულია წერილში.

საქართველოს მთავრობამ ბოლო დღეების განმავლობაში ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორებისგან რამდენიმე კრიტიკული წერილი მიიღო.

წყარო: რადიო თავისუფლება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system