თავში

ილია მეორე ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავს

ილია მეორე ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავს
ილია მეორე ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილი გაუგზავნა. ილია მეორემ ღარიბაშვილს ანჩისხატის ეკლესიაში დაბრუნების თხოვნით მიმართა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

ასლი: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს

ბატონო ირაკლი,

მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გამო:

მოგეხსენებათ, საქართველოში, ღვთის განგებით, ჩამობრძანდა ქრისტიანული სამყაროს გამორჩეული სიწმინდე, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ანჩისხატად – ,,პირი ღვთისად” წოდებული, რომელიც ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

ჩვენ დიდი ხანია ხელისუფლების წინაშე ვაყენებთ საკითხს ეკლესიისთვის მისი გადმოცემის თაობაზე: მზაობა ყოველთვის იყო, მაგრამ ითხოვდნენ, რომ სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის სათანადო პირობები შექმნილიყო.

ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფმა (ხელმძღვანელი: ბატონი ზაზა ნანობაშვილი) ამ მხრივ დიდი სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც გერმანული კომპანიის მიერ მაღალი ტექნოლოგიებით დამზადდა და ანჩისხატის ტაძარში დამონტაჟდა ხატის ჩასაბრძანებელი კიოტი, ჩატარდა სხვა სამუშაოებიც.

მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ჩვენი ხალხისათვის ამ უდიდესი სიწმინდის საეკლესიო სივრცეში ყოფნის და მის წინაშე მუდმივი ლოცვის მნიშვნელობა და გადმოსცეთ იგი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანჩისხატის ტაძარში დასაბრძანებლად.

ვიმედოვნებთ, მის დაცვას ერთობლივად უზრუნველვყოფთ, რაც სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება იქცეს.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ წელს აღვნიშნავთ ამ ტაძრის აგებიდან 1500 წლისთავს და თქვენ მიერ გაცემული ნებართვა ხატის ეკლესიაში განთავსებაზე იქნება საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული უდიდესი საჩუქარი.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, – ნათქვამია პატრიარქის წერილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system