თავში

ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროს პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროს პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროს პრეზიდენტს მილო ჯუკანოვიჩს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრისას აღინიშნა, რომ მონტენეგროს პრეზიდენტის ისტორიული, პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, ორმხრივ ურთიერთობებში წინგადადგმული ნაბიჯია. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, საერთო ევროპული ღირებულებების საფუძველზე. ყურადღება გამახვილდა აქტიური პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე. ასევე, ხაზი გაესვა თავდაცვის სფეროში არსებულ პარტნიორობას.

საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სტიმულირების მნიშვნელობას, ასევე თანამშრომლობის გაძლიერებას ტურიზმის სფეროში, რომელიც განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, ეკონომიკის ზრდისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირში ინტეგრაციას, როგორც საქართველოსა და მონტენეგროს საერთო მიზანს. პრემიერ-მინისტრი მიესალმა მონტენეგროს მზადყოფნას, ევროინტეგრაციის პროცესში გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ემზადება 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ნატოსა და მოკავშირე ქვეყნებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკისადმი თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობაზე ამ მიმართულებით.

ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, ასევე ავღანეთიდან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების თანამშრომლებისა და პარტნიორების ევაკუაციის პროცესში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. პრემიერ-მინისტრმა მონტენეგროს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც მონტენეგროს პრეზიდენტის დელეგაციის წევრები - განსაკუთრებულ საქმეთა მრჩეველი მილან როჩენი, მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში თამარა ბრაიოვიჩი, მონტენეგროს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დრაგიცა პორონაკი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მონტენეგროში ზაალ გოგსაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი მონაწილეობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system