თავში

ირაკლი ოქრუაშვილმა საპყრობილე დატოვა

ირაკლი ოქრუაშვილმა საპყრობილე დატოვა
ირაკლი ოქრუაშვილმა საპყრობილე დატოვა

ერთადერთი მარტივად შესრულებადი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ დიდი ხნით გაგვიშვებდა ციხეში და ისიც ვერ შეასრულა - ამის შესახებ ციხიდან გამოსულმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის თქმით, შეთანხმების ბოლომდე მისაყვანად, საჭიროა გათავისუფლდეს გიორგი რურუა. ოქრუაშვილის განცხადებით, მისი და უგულავას დაჭერაც და გათავისუფლებაც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. 

მან, პატიმრების გათავისუფლებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში, ასევე დასავლელ პოლიტიკოსებსა და ქართულ ოპოზიციას.  

"განსაკუთრებით ოპოზიციის ყველა ლიდერს და აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს, ასევე, სენატორ რიჩს და ბატონ კუბუილიუსს, რომ არა მათი ძალისხმევა, ალბათ ეს შედეგი არ დადგებოდა" - თქვა ოქრუაშვილმა. 

მისი შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაცია უნდა განიმუხტოს.

„ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს იმით, რომ გიორგი რურუამ საპატიმრო უნდა დატოვოს. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის სასარგებლოდ დასრულდება და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის, პოლიტიკური პარტიის. პირველ რიგში, ქვეყანას სიმშვიდე, პოზიტიური გზავნილები სჭირდება იმისთვის, რომ მძიმე ეკონომიკური პოლიტიკური კრიზისიდან ამოვიდეთ და ის მძიმე პოლიტიკური სიტუაცია განიმუხტოს, რომელიც შექმნილია. თუ ასეთი გზავნილები არ იქნება, ბუნებრივია, გარედანაც შესაბამისი ზეწოლა იქნება. ასე რომ, ყველამ უნდა მოვინდომოთ. ნაცვლად ნიშნის მოგებით კომენტარებისა და რევანშისტული განცხადებებისა, ქვეყანა მშვიდი განვითარების რეჟიმში უნდა გადავიყვანოთ“,-განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისი ვარაუდით, პრეზიდენტმა მისი და გიგი უგულავას გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება არა დამოუკიდებლად, არამედ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მიიღო.

მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გეგმავს ოპოზიციის გაძლიერებაში თავისი წვლილი შეიტანოს, რათა მათ ივანიშვილის რეჟიმი არჩევნების გზით, მშვიდობიანად დაამარცხონ.

„8 მარტის შეთანხმება იყო ისტორიული დოკუმენტი, არა მხოლოდ საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების ან საარჩევნო გარემოს ცვლილების ან სისტემის შესახებ, ეს იყო დოკუმენტი ქვეყანაში ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების შესახებ. ვინც დღემდე ამას ვერ მიხვდა, შეუძლია, ამის მერე გაითვალისწინოს და გააანალიზოს. ვაპირებ, რომ ამ პროცესში გარკვეული წვლილი შევიტანო, როგორც ოპოზიციის კონსოლიდაციის და გაძლიერების თვალსაზრისით, ასევე იმ მიზნისთვის, რომ ოპოზიციამ საბოლოოდ შეძლოს ივანიშვილის ხელისუფლების მშვიდობიანად გაცილება“, - განაცხადა ოქრუაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ - აღნიშნა ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 2020 წლის 13 აპრილს5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system