თავში

ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები დილემის წინაშე დგანან - ნიკა მელია

ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები დილემის წინაშე დგანან - ნიკა მელია
ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები დილემის წინაშე დგანან - ნიკა მელია

,,ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები დილემის წინაშე დგანან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას წერილშია აღნიშნული, რომელიც მან საპატიმროდან გამოაგზავნა. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერი წერილში იმ პოლიტიკურ ფასზე საუბრობს, რომელსაც "ქართული ოცნება" მასთან მიმართებაში ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში გადაიხდის. 

,,ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები დილემის წინაშე დგანან. პირველი: ფიქრობენ, თუ გამიშვეს, მოლაპარაკების მაგიდასთან ვჯდები და ჩემი მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა მათთვის დიდი დისკომფორტი იქნება. ასევე, 15 მაისამდე მთელ თბილისს და საქართველოს შემოვივლი და თავისუფლებაზე ყოფნის ყველა უპირატესობას გამოვიყენებ ქვეყნის სასარგებლოდ და მათ საწინააღმდეგოდ.

მეორე: საერთაშორისო და ადგილობრივი ზეწოლა უფრო მზარდი გახდება. ვერავის მსოფლიოში ვერ არწმუნებენ, რომ მათ არ ჰყავთ პოლიტიკური პატიმარი. ამიტომ მოუწევთ, წილი ყარონ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება, - წერს ნიკა მელია წერილში, რომელიც მან ,,TV პირველს" გამოუგზავნა.

ცნობისთვის, ხვალ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს თუმცა არ გამოცხადდა. ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებდა, რომ დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებდა და თუ ვინმე მის ნაცვლად გადაიხდიდა, ეს იქნებოდა "ქართული ოცნების" მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია.

საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 16 თებერვალს ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მას პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს გენერალური პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე, კი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა. პროცესს თავად ბრალდებული არ ესწრებოდა.

პროცესზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილისაცილება მოითხოვეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, პარტიის ოფისთან, სპეციალური დანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მელიას პატიმრობა შეუფარდა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება რამდენიმე დღით გადადო.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

ნიკა მელია ამჟამად რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system