თავში

კახა კალაძე: სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ

კახა კალაძე: სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ
კახა კალაძე: სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ

სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შეფასებისას განუცხადა. 

„პატარა დაპირისპირებები იყო. ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ეს ენერგია, რაც აქვს ყველა ადამიანს და ახალგაზრდას, მოვახმაროთ ჩვენს უკეთეს მომავალს, ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას“, -  აღნიშნა კალაძემ.

კალაძის თქმით, ნონსენსია, როდესაც „ქართული ოცნების“ ოფისთან ოპოზიციის აქტივისტები პროტესტს გამოხატავენ და უკვირთ მმართველი პარტიის წევრები რატომ იმყოფებიან საკუთარი პარტიის ოფისთან. 

„ნონსენსია რასაც მეუბნებით, საუბრობთ იმაზე, „ქართული ოცნების" აქტივისტები რატომ ჩაერთვნენ პროცესში, როდესაც „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მოდიხარ და აპროტესტებ, „ქართული ოცნების" წევრებს ეკითხებით რატომ ხართ აქ, ეს ნორმალური გგონიათ? სირცხვილია და უხერხულია. აგრესიული ფორმაა ის, რაც ვნახეთ, მოსვლა პარტიის ოფისთან, წარწერების გაკეთება ოფისზე და ა.შ. ჩემთვის და ბევრი ჩემი თანაგუნდელისთვის მიუღებელია ეს დაპირისპირება და დესტრუქცია. არ აქვს მნიშვნელობა ვის რა მოსაზრება აქვს, მინდა ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. ეს ენერგია ქვეყნის განვითარებას მივახმაროთ",- განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერი ფიქრობს, რომ საპროტესტო აქციის ადგილად "ქართული ოცნების" ოფისს ოპოზიცია მიზანმიმართულად არჩევს დაპირისპირების პროვოცირებისთვის. 

"მგონია, რომ ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად და ამის ორგანიზატორი გახლავთ ოპოზიცია. რატომ უნდა მოგინდეს მიხვიდე პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან და გააპროტესტო? არ არის ადგილები სხვა კონკრეტულ ლოკაციაზე იმისთვის, რომ გამოთქვა შენი პროტესტი? ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება იმისთვის, რომ მოხდეს დაპირისპირება. მითუმეტეს, კატეგორიულად მიუღებელია ახალგაზრდების ერთმანეთთან დაპირისპირება. ჩვენ ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი, ვფიქრობ, სხვა მიმართულებით გამოვიყენოთ. მოვახმაროთ ქვეყნის განვითარებას, წინსვლას და არა ერთმანეთზე დაპირისპირებას და თავ-პირის მტვრევას" - აღნშნა კალაძემ.

გუშინ "ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა 'შეცვალეს" წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ოფისთან იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც, თუმცა ისინი ამბობდნენ, კონტრაქციას არ მართავენ და ოფისთან უბრალოდ ჩაიარეს.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system