თავში

კახა ქემოკლიძე: სოფელ ჩორჩანას საგუშაგოსთან სიმშვიდეა - VIDEO

კახა ქემოკლიძე: სოფელ ჩორჩანას საგუშაგოსთან სიმშვიდეა
კახა ქემოკლიძე: სოფელ ჩორჩანას საგუშაგოსთან  სიმშვიდეა  - VIDEO

მოცემული მომენტისთვის ვითარება არის სტაბილური, ადგილზე სიმშვიდეა. რამდენიმე გასროლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი ვარაუდით, ეს იყო უფრო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი საშუალებიდან განხორციელებული გასროლა, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს გარკვეულწილად აქტიურ ნადირობის სეზონს, – ამის შესახებ ჩორჩანას საგუშაგოსთან მყოფმა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ადგილზე იმყოფებიან შსს-სა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ქემოკლიძემ იმედი გამოთქვა, რომ ვითარება მოლაპარაკებების გზით დარეგულირდება.

„ვარაუდის დონეზე შეგვიძლია, ყველაფერზე ვივარაუდოთ. მაინც მგონია, რომ გუშინდელი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური განცხადებები დე-ფაქტო ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან უფრო იყო გაკეთებული ემოციურ ფონზე. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი იმისა, რომ მოხდება ვითარების დარეგულირება მოლაპარაკებების გზით. ამისთვის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ სრულ მზაობას და იმედი გვაქვს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრების ფორმატი ისევ ისეთ ეფექტიან რეჟიმში გაგრძელდება, როგორც აქამდე ხორციელდება. მზად ვართ, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა ქემოკლიძემ.

როგორც საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა ჩორჩანას საგუშაგოსთან განაცხადა, ეს არის ტერიტორია, სადაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ეფექტიანი იურისდიქცია ვრცელდებოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე და მის შემდეგაც.

„ტერმინოლოგიის თვალსაზრისით აბსოლუტურად ზუსტი რომ ვიყოთ, ეს არის ის ტერიტორია, სადაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ეფექტური იურისდიქცია ვრცელდებოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე და მის შემდეგაც. რატომ გახდა ეს დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან გარკვეული პოლემიკის საგანი, რთულად გასაანალიზებელია მოცემული მომენტისთვის, მაგრამ დღეის მოცემულობით რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ აბსოლუტურ მზაობას, რომ აღნიშნული საკითხი დარეგულირდეს მხოლოდ და მხოლოდ აქტიური მოლაპარაკებების, დიპლომატიის და კონსტრუქციული თანამშრომლობის გზით“, – აღნიშნა კახა ქემოკლიძემ.

მისივე თქმით, ბლოკპოსტის დაშლა არ მოხდება.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მოთხოვნის ვადა ამოიწურა. მათ 30 აგვისტოს, 06:00 საათამდე ქართული პოსტის გაუქმება მოითხოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system