თავში

კალაძე: აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა

კალაძე: აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა
კალაძე: აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა

აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, შესაბამისად საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა. 

„ძალიან სამწუხაროა, რომ  საუბარი უმძიმეს ფაქტზე გვიწევს, საქმეზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საკუთარი ქვეყნის მიწების დანაშაულებრივი გასხვისების მცდელობის ნიშნებს შეიცავს. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ორი პირი.

გამოძიების მიხედვით, დოკუმენტურად დასტურდება, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიაში მოხდა 1996 წელს მხარეებს შორის შეთანხმებული რუკის არალეგიტიმური რუკის მონაცემებით ჩანაცვლება. შედეგად, 3500 ჰექტარი ქართული მიწა, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანის მხარეს ხვდებოდა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ საკითხზე გამოძიება კონკრეტული მოხელეების/თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს და ეს მხოლოდ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი საქმეა.

ყოველგვარი პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ჩვენი ოპონენტების გასაგონად ვიმეორებ – ეს არის საქართველოს შიდა საქმე და პრინციპულად დაუშვებელია ამ თემის პოლიტიზება, მით უმეტეს, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების დამაზიანებელ კონტექსტში განხილვა.

შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი მცდელობა, მხოლოდ მათი ავტორების რეალური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნების ლუსტრაცია იქნება და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად იქნება შეფასებული!

აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

ჩვენი ხელისუფლება, ქართული სახელმწიფო, ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system