თავში

კალაძე: ეს შეთანხმება ბუნებაში არ ყოფილა

კალაძე: ეს შეთანხმება ბუნებაში არ ყოფილა
კალაძე: ეს შეთანხმება ბუნებაში არ ყოფილა

თბილისის მერი და პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ ყოფილა და ეს დოკუმენტის ტექსტშიც ნათლად ჩანს.

კალაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ცდილობს საარჩევნო ცვლილებების ჩაგდებას, ხოლო მისი გუნდი გადაწყვეტილებას შეთანხმების შესაბამისად მიიღებს. 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, ჩვენი პარტია არის სრულ მზადყოფნაში, რომ ყველა იმ შეთანხმების აღსრულება მოხდეს, რომელიც იყო 8 მარტის ხელშეკრულებაში, ეს არის საჯარო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის ცვლილება და უკლებლივ ჩვენი გუნდის თითოეული წარმომადგენელი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც იყო ამ შეთანხმებაში. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ცვლილებებს, იმიტომ, რომ არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც იქნა მიღწეული ელჩების ფასილიტაციით და ელჩების ჩართულობით. შესაბამისად, თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პასუხისმგებლობა და მგონი, ადამიანები კარგად გააკეთებენ ანალიზს, თუ რატომ უნდა ოპოზიციას ამის ჩავარდნა და რატომ უნდა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება არ და ვერ განხორციელდეს.

ყველა ხვდება მათ დღევანდელი მდგომარეობას, სად იმყოფებიან ისინი და რა თქმა უნდა, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ რადიკალურები იყვნენ.

8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ ყოფილა და ეს ტექსტშიც არის ასახული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს წაიკითხოს და მოისმინოს ასევე ის განცხადებები, რას ამბობდნენ ჩვენი თანაგუნდელები შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ და რა განცხადებებს აკეთებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. შესაბამისად, ეს შეთანხმება ბუნებაში არ ყოფილა. ვერ იქნებოდა. შეთანხმება ხომ ის არის, როდესაც ადამიანები რაღაცაზე თანხმდებიან, ის უნდა იყოს შესრულებადი, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ ვერ ავიღებდით ისეთ პასუხისმგებლობას, რისი კომპეტენციაც ჩვენ არ გვქონდა“,- განაცხადა კალაძე.

შეგახსენებთ, დღეს ევროპარლამენტის წევრმა, ევროპის სახალხო პარტია ქრისტიან დემოკრატებიდან, მიხაელ გალერმა განაცხადა, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელიან, რაც აუცილებელია თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად  ევროპარლამენტარის თქმით, ყველა მხარემ უნდა დაიცვას 8 მარტის შეთანხმების ტექსტი და სულისკვეთება.

გარდა ამისა, გუშინ განაცხადება გააკეთა ასევე სენატორმა ჯიმ რიშმა. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, სრულიად შეასრულონ მარტში გაფორმებული ხელშეკრულება.

ბოლო დღეებში ოპოზიციასა და მთავრობას შორის მიღწეული საარჩევნო შეთანხმება ისევ აქტუალური გახდა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმებიდან ორი თვის შემდეგ მმართველი გუნდი 8 მარტის დოკუმენტით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებს, რადგან პოლიტიკოსები ისევ პატიმრობაში არიან.

"ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ პატიმრების გათავისუფლება შეთანხმების საგანი არ ყოფილა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს მიმართა თხოვნით, ნათელი მოეფინათ შეთანხმების შინაარსისთვის იმის თაობაზე, რომ უმრავლესობას არ აუღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება.

აღნიშნულ მიმართვას აშშ-ის საელჩოსა და ფასილიტატორი ელჩების ერთობლივი განცხადება მოჰყვა, სადაც აღნიშნულია, რომ 8 მარტის შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ელჩები მოუწოდებენ მხარეებს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს.

შეგახსენებთ, 2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება 8 მარტს შედგა . ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე და ერთპროცენტიან ბარიერზე შეთანხმდა.

ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია მთავრობის ერთპარტიულ დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. აღნიშნულზე მემორანდუმი გაფორმდა და მას ხელი ორმხრივად მოეწერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system