თავში

"ქართული ოცნება" კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს

"ქართული ოცნება" კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს
ქართული ოცნება კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს

"ქართული ოცნება" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, "ქართული ოცნება" მოლაპარაკების ბოლო შეხვედრაზეც გამოთქვამდა დოკუმენტზე ხელის მოწერის მზაობას, თუმცა დღემდე არ მოაწერეს დოკუმენტს ხელი, რადგან ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდნენ. 

"საქართველო ებრძვის პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს. რეგიონში შექმნილია რთული გეო-პოლიტიკური ვითარება. ასეთ დროს, მიგვაჩნია, რომ მთელი ქვეყანა უნდა იყოს გაერთიანებული საერთო გამოწვევების გარშემო, ხოლო პოლიტიკოსები დროს უნდა ხარჯავდნენ, არა საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის ბრძოლაში, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების ერთობლივი ძალისხმევით გადასაჭრელად. სამწუხაროდ, საქართველოში სხვა რეალობაა შექმნილი, აშკარაა, რომ ცალკეული პარტიებისა და პოლიტიკოსებისთვის სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებზე მნიშვნელოვანი, საკუთარი პარტიული ინტერესებია. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გასაჯანსაღებლად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში მოავლინა მისი სპეციალური წარმომადგენელი და პოლიტიკური დიალოგის ფასილიტაცია ჩანაცვლდა მედიაციით, რომლის არსიც მდგომარეობდა იმაში, რომ მედიატორს პარტიებისთვის თავისი პასუხისმგებლობით უნდა შეეთავაზებინა სამართლიანი შეთანხმების პროექტი, რომელსაც ყველა პოლიტიკური პარტია მოაწერდა ხელს. მედიატორმა, ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების აქტიური ჩართულობით აღნიშნული დოკუმენტი მოამზადა და პარტიებს ხელმოსაწერად წარუდგინა ევროკავშირის სახელით.

დღეს, "ქართული ოცნება" საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა, რაც არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარებში. თუმცა დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს ველოდებოდით და დაველოდეთ სანამ ელჩები დამატებით კონსულტაციებს გამართავდნენ", - განაცხადა თალაკვაძემ.  

შეგახსენებთ, რომ "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრების რამდენიმე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა და კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს, არცერთმა მხარემ ხელი არ მოაწერა. 

ნახეთ, რა წერია დოკუმენტში, რომელიც კრისტიან დანიელსონმა პარტიებს შესთავაზა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system