თავში

კანონი მიღებულია - მთავრობას 15 ივლისამდე შეზღუდვების დაწესება შეუძლია

კანონი მიღებულია - მთავრობას 15 ივლისამდე შეზღუდვების დაწესება შეუძლია
კანონი მიღებულია - მთავრობას 15 ივლისამდე შეზღუდვების დაწესება შეუძლია

საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

რეგისტრაცია გაიარა 94-მა დეპუტატმა, ცვლილებებს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არცერთი იყო. ოპოზიციას, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. 

აღნიშნული კანონი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. მიღებული კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის და უქმდება 15 ივლისის შემდეგ.

ახლა უკვე დოკუმენტზე პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭიროა.

ამ კანონით მთავრობას ექნება უფლება ხვალიდან 54 დღის განმავლობაში, 15 ივლისის ჩათვლით დააწესოს რიგი შეზღუდვები, მათ შორის გადაადგილების შესახებ.

გუშინდელი განხილვის შემდეგ, კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ახალი რედაქციით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. მთავრობის მიერ დადგენილი წესით შეიძლება განისაზღვროს საკარანტინო ღონისძიებებიც.

საკარანტინო ღონისძიებები კი შეიძლება იყოს შემდეგი:

ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა შეხება ან შესაძლოა ჰქონოდა შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში;

ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და შეიძლება გულისხმობდეს საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილისგან განსხვავებულ მოწესრიგებას, მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დროებით დაწესებას, საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, კანონში ჩაიწერა, რომ ამ უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული, კანონით გათვალისწინებული, დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი და ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.

ამასთან, ახალი კანონის მიხედვით, ადამიანის იზოლაციაში ან კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში, მას გასაგები ფორმით უნდა განუმარტონ, რა არის მისი გადაყვანის საფუძველი, რომ აქვს უფლება გადაყვანის შესახებ შეატყობინოს სასურველ პირს, ასევე, აქვს უფლება ადვოკატზე. არასრულწლოვნის იზოლაციაში ან კარანტინში გადაყვანის შესახებ აუცილებლად, პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა ეცნობოს მის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს.

მთავრობას ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. შესაბამისად, მათ ასამოქმედებლად მთავრობას არ დასჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა.

„იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, კორონავირუსის (COVID-19-ის) მასობრივ გავრცელებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, პროცესები უმართავი არ გახდეს და საქართველოს მთავრობასა და სხვა შესაბამის უწყებებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჭირო ღონისძიებები სათანადოდ განახორციელონ, აუცილებელია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმები დროულად იქნეს მიღებული და ამოქმედებული", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system