თავში

"ქართული ოცნების" დეპუტატებმა ელენე ხოშტარია მოინახულეს

"ქართული ოცნების" დეპუტატებმა ელენე ხოშტარია მოინახულეს
ქართული ოცნების დეპუტატებმა ელენე ხოშტარია მოინახულეს

პარლამენტში პარტია "დროას" ლიდერ ელენე ხოშტარიასთან, რომელიც უკვე მე-15 დღეა შიმშილობს, "ქართული ოცნების" ლიდერები იმყოფებოდნენ.

მოშიმშილე ოპოზიციონერთან ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, შალვა პაპუაშვილი იმყოფებოდნენ.

"ჩვენი თხოვნაა, ელენე ხოშტარიამ შეწყვიტოს შიმშილობა. გვქონდა მეგობრული საუბარი. სხვადასხვა ვარიანტებზე გვქონდა საუბარი", - თქვა კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

რაც შეეხება სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, კობახიძის თქმით, ამის საჭიროება არ არსებობს და უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს შეიცავს.

"რაც შეეხება საკითხს რაც არის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, კიდევ ერთხელ გვინდა აღნიშნოთ რა, რომ ხდება ისე წარმოჩენა, თითქოს ეს არის რაღაც ახირებული პოზიცია. კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, ვხედავთ სერიოზულ რისკებს უსაფრთხოების თვალსაზრისით.

გვჯერა, რომ უწყებები, სამართალდამცავი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ასეთი ტიპის გეგმები ვერ განხორციელდეს. მაგრამ, რისკის ქვეშ დაყენება ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის, არის სერიოზული დილემა. აქედან გამომდინარე, ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. ერთია, რომ არ არსებობს ამის საჭიროება და მეორე უსაფრთხოების რისკები არის ძალიან სერიოზული. საუბარია რისკებზე, რომელიც უკავშირდება ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

"დროას" ლიდერის მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა. ის ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს თავად მესამე პრეზიდენტი, რომელიც უკვე 48-ე დღეა, შიმშილობს. სააკაშვილი აცხადებს, რომ საქმოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში ის მზად არის, შიმშილობა შეწყვიტოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system