თავში

კელი დეგნანი: ვრცელი სამუშაო გეგმა გვაქვს საქართველოსთან და ბევრს ველით ჩვენი ქართველი მეგობრებისგან

კელი დეგნანი: ვრცელი სამუშაო გეგმა გვაქვს საქართველოსთან და ბევრს ველით ჩვენი ქართველი მეგობრებისგან
კელი დეგნანი: ვრცელი სამუშაო გეგმა გვაქვს საქართველოსთან და ბევრს ველით ჩვენი ქართველი მეგობრებისგან

მაშინ, როდესაც იმედის თვალით ვუყურებთ საქართველოს მომავალს, ღირს გავიხსენოთ საიდან დაიწყო საქართველომ და რამდენს მიაღწია ამ ქვეყანამ ომის, ოკუპაციის, ეკონომიკური ემბარგოებისა და მტრული, აგრესიული მეზობლის მიუხედავად - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულმა ელჩმა, კერი დეგნანმა ფიცის დადების ცერემონიაზე განაცხადა. 

დეგნანის თქმით, ის მოწადინებულია, გაგრძელდეს ამერიკისა და საქართველოს მტკიცე თანამშრომლობა დემოკრატიული პროცესების გაძლიერების კუთხით. 

"ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. ამერიკის მსგავსად, საქართველომაც იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღწევად – ეს რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება. ახლა ერთად ვიბრძვით ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, რათა დავეხმაროთ ავღანელებს დაიცვან თავიანთი თავისუფლება და ააშენონ თავიანთი დემოკრატია.

ამერიკელთა მსგავსად, ქართველებს სურთ ბიზნეს საქმიანობის გაფართოება, სამართლიან არჩევნებში ხმის მიცემა, პასუხისმგებლიანი მედიის მოსმენა, აღმსარებლობის თავისუფლება და შვილების ისეთ ქვეყანაში გაზრდა, სადაც კანონი უზენაესია. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრ მსგავსებას ვნახავ ქართველებსა და ამერიკელებს შორის რაც უფრო დიდხანს ვიცხოვრებ იქ.

ელჩად მსახური უნიკალური შანსია, მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად. აშშ-ის ელჩის რანგში ჩემი მთავარი მოვალეობა ამერიკის ინტერესების ხელშეწყობა და დაცვაა, რასაც დიდი ენთუზიაზმით გავაკეთებ.

მე, ასევე, მოწადინებული ვარ, გაგრძელდეს ამერიკის მტკიცე თანამშრომლობა საქართველოსთან, მათ შორის დემოკრატიის განვითარების, ვაჭრობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების კუთხით. ერთობლივი წვრთნებითა და სწვალებებით ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს უნარს, დაიცვას საკუთარი საზღვრები. ეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისადმი ამერიკის მტკიცე ერთგულების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

ჩვენი მხარდაჭერის პროგრამები, მათ შორის USAID-ის ძლიერი მისია, ხელს უწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და მხარს უჭერს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. ჩვენი თანამშრომლობა სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს აშშ-სა და ნატოს ძალებთან თავსებადობის დონეს ზრდის, რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას უწყობს ხელს და საქართველოს საკუთარი ტერიტორიის დასაცავად უკეთ ამზადებს. 

თქვენ, შესაძლოა, არ იცოდეთ, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC) და საქართველო 2006 წელს გაერთიანდნენ, რათა უკეთესი საგანმანათლებლო შესაძლებლობები შეექმნათ, განსაკუთრებით, ზუსტი მეცნიერებების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. საქართველო იმდენად კარგი პარტნიორი იყო, რომ MCC-მ ახლახან მეორე კომპაქტიც დაასრულა.

ჩვენი სამედიცინო ექსპერტებიც თანამშრომლობენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის აქტიური პროგრამით ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად, მათ შორისაა C ჰეპატიტის აღმოფხვრის მასშტაბური პროგრამა. და ჩვენ გვყავს მშვიდობის კორპუსის ასზე მეტი მოხალისე, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს საქართველოს სოციალურად დაუცველ საზოგადოებებთან. მეტიც, ჩემი დისშვილი, ჯინა, ერთ-ერთი მათგანი იყო.

მაშინ, როდესაც იმედის თვალით ვუყურებთ საქართველოს მომავალს, ღირს გავიხსენოთ საიდან დაიწყო საქართველომ და რამდენს მიაღწია ამ ქვეყანამ ომის, ოკუპაციის, ეკონომიკური ემბარგოებისა და მტრული, აგრესიული მეზობლის მიუხედავად.

ქართველებმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა აქციეს ფუნქციურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, ეს პატარა საქმე არ არის. საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ბიზნესის კეთების სიმარტივით, კორუფციასთან ბრძოლითა და დემოკრატიის მხარდასაჭერად აუცილებელი ინსტიტუტების მშენებლობით.

ამჟამად აქცენტი სისტემებისა და კანონების განხორციელებასა და აღსრულებაზეა, რათა გარანტირებული იყოს თანასწორობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა.
წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველებისთვის, აჩვენონ მსოფლიოს, რომ ის პროგრესი, რომლისთვისაც ამდენი იშრომეს, შეუქცევადია. მოუთმენლად ველი საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მხარდასაჭერად.

ჩვენ ვრცელი სამუშაო გეგმა გვაქვს საქართველოსთან და ბევრს ველით ჩვენი ქართველი მეგობრებისგან. ქართველებმა გვაჩვენეს, რომ აქვთ შეუპოვრობა და მხნეობა იმ დემოკრატიული პროცესების დასაცავად და საჭირო რეფორმების გასატარებლად, რომლის დამკვიდრებისთვისაც ამდენი იშრომეს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისათვის.

ეჭვგარეშეა, რომ საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია. თითქმის ოცდაათწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში ჩვენ მოწმენი გავხდით შესანიშნავი ტრანსფორმაციისა, რაც ქართველების სიმამაცისა და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის სიყვარულის შედეგია.

საქართველოს ბევრი საამაყო აქვს და შეერთებული შტატებისთვის პატივია ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით დგომა.
ჩვენ ძლიერი მოტივაცია გვაქვს და როგორც ელჩი, მე ერთგული ვარ ჩვენი პარტნიორობის სიმტკიცის შენარჩუნებისა ამ ნათელი მომავლის გზაზე, რის მიღწევასაც ყველა ქართველი იმსახურებს" - აღნშნა ელჩმა.

ელჩის ფიცის დადების სიტყვას შეერთებული შტატების საელჩო აქვეყნებს, რომელიც სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system