
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მინისტრის პოზიციაზე მუშაობას 15 ივნისამდე გააგრძელებს.
მისი თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 15 ივნისიდან მან საქმიანობა უნდა გააგრძელოს, როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ს მისიაში და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საქართველოს ელჩად ავსტრიის რესპუბლიკაში.
„15 ივნისიდან ნამდვილად არის გადაწყვეტილება მიღებული, რომ მე საქმიანობა გავაგრძელო როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ს მისიაში და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საქართველოს ელჩად ავსტრიის რესპუბლიკაში, რომელიც არის ძალიან საპატიო, ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან კომპლექსური მანდატი. თუმცა 15 ივნისამდე მე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, როგორც სახელმწიფო მინისტრი, ახლაც ოძისში ვიმყოფები და ვაპირებთ ძალიან აქტიური კამპანიის ჩატარებას გამყოფი ხაზების სრულ პერიმეტრზე, რომ ჩვენს მოსახლეობას დავეხმაროთ სხვადასხვა ჰუმანიტარული პაკეტებით და არა მხოლოდ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „კოვიდ-19“-ის ფონზე არ წყდება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ბორდერიზაცია. ახლაც, ყოველ დღე, მთელი ენერგიით და მომავალშიც ყველგან, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი სამშობლოს, ჩემი სახელმწიფოსა და ჩემი ხალხის ინტერესებს დავიცავ“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილის ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად ინიშნება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მას არ დაუკონკრეტებია ვინ ჩაანაცვლებს მინისტრს თანამდებობაზე.
ციხელაშვილმა 2016 წელის აგვისტოდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე პაატა ზაქარეიშვილი შეცვალა და ამ დრომდე აღნიშნულ პოსტს იკავებდა.