
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ,,ქართული ოცნების" შტაბი 3 ნოემბრიდან არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებას იწყებს.
კობახიძე დღეს გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპონენტების განცხადებები ნიშნავს კაპიტულაციის გამოცხადებას მეორე ტურამდე.
,,ჩვენ წინასწარ ვაცხადებდით, რომ არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიცია უსათუოდ ეცდებოდა დესტრუქციას. აშკარაა, რომ ხალხის მხარდაჭერის არქონის ფონზე, ისინი არჩევნებში საკუთარ შანსს ვერ ხედავენ. სწორედ ამიტომ, დესტრუქცია არის მათთვის ერთგვარი ხავსი, რომელსაც ისინი 2012 წლიდან ეჭიდებიან. გარდა ამისა, ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები ნიშნავს კაპიტულაციის გამოცხადებას მეორე ტურამდე. მათ კარგად იციან, რომ მეორე ტურში აგებენ ყველა არჩევნებს და მეორე მარცხის გაფორმებას ერიდებიან იმთავითვე. ჩვენი პარტია და საარჩევნო შტაბი ხვალიდან იწყებს მზადებას არჩევნების მეორე ტურისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ ყველა საარჩევნო ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
ცნობისთვის, პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.
ოპოზიციური პარტიები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და აქციებს აანონსებენ.