
კობახიძის წყენინება საერთოდ არ შეიძლება, მუხრუჭები მოშლილი აქვს და საბოლოო ჯამში იქამდე მივალთ, რომ მისი წყენინებისთვის, შეიძლება, სსკ-ში შეიტანონ ცვლილებები, რომლითაც უვადო პატიმრობით დავისჯებით მეც და თქვენც, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ირაკლი კობახიძის მიერ გამართული ბრიფინგის შეფასებისას განაცხადა.
ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლება რაც უფრო მეტ ასეთ სიგიჟეს გააკეთებს, მით უფრო მალე დასრულდება ყველაფერი.
"საბოლოო ჯამში ყველაფერში უნდა დავინახოთ პოზიტივი. ეს მიმართულება, რომელიც კობახიძემ აიღო და იქ სიტყვა საბოტაჟიც გამოიყენა პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით, მან უკვე ტოტალიტარული ქვეყნების ლექსიკით დაიწო საუბარი. მე ასე ვფიქრობ, რომ კობახიძის წყენინება საერთოდ არ შეიძლება, მუხრუჭები მოშლილი აქვს და საბოლოო ჯამში იქამდე მივალთ, რომ კობახიძის წყენინებისთვის შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანონ ცვლილებები, რომლითაც უვადო პატიმრობით დავისჯებით მეც და თქვენც. ეს ყველაფერი აჩქარებს პროცესს, სრულ ლუსტრირებას ახდენს და რაც უფრო მეტ ასეთ სიგიჟეს გააკეთებენ, უფრო მალე დამთავრდება ეს ყველაფერი. კობახიძის გამოსვლების შემდეგ სულ უფრო ნაკლები არგუმენტი რჩებათ იმისთვის, თუ რატომ უნდა შევიდნენ პარლამენტში, ასე რომ ელისაშვილის ადგილზე ახლა ნამდვილად არ ვისურვებდი ყოფნას", - განაცხადა ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც შეუწყდება საპარლამენტო მანდატები, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება. ამის შესახებ კანონპროექტების პაკეტი, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა.