თავში

კორონავირუსის გამო, 4 აპრილს დაგეგმილი ოპოზიციის აქცია, შესაძლოა, გადაიდოს

კორონავირუსის გამო, 4 აპრილს დაგეგმილი ოპოზიციის აქცია, შესაძლოა, გადაიდოს
კორონავირუსის გამო, 4 აპრილს დაგეგმილი ოპოზიციის აქცია, შესაძლოა, გადაიდოს

შესაძლოა განვიხილოთ 4 აპრილის აქციის გადადება, რომ არ შეექმნათ საფრთხე მოქალაქეებს - ამის შესახებ ჟურნალისტებთან, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

"რადგანაც უკვე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც აწია საფრთხის დონე, საუბარია იმაზე, რომ მასობრივი ღონისძიებების ჩატარება არ არის მიზანშეწონილი, ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ თუ მდგომარეობა, კორონავირუსის კუთხით, ქვეყანაში დამძიმდა, ან არ მოხდა დასტაბილურება, შესაძლოა განვიხილოთ 4 აპრილის აქციის გადადება, რომ არ შეექმნათ საფრთხე მოქალაქეებს. ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ იმის მიხედვით, როგორი იქნება ქვეყნის შიგნით მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით",-განაცხადა კაპანაძემ.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხელისუფლების შეთავაზებასა და ოპოზიციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

"თუ ის მოთხოვნა იქნება ინიცირებული, რომელსაც ვაყენებთ ამდენი ხანია, ან სრულიად პროპორციული, ან პროპორციულთან მიახლოებული, რომელიც ქმნის პროპორციულის ეფექტს, ამის მაგალითი და გამოვლინება არის 130/20 -ზე, რა თქმა უნდა ეს იქნება "ევროპულის საქართველოს მხრიდან მხარდაჭერილი. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ამით რამე შეთანხმება არის ხელისუფლებასთან, ან რაიმე ნორმალიზება ხდება, რადგან პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე, არანაირი სიტუაციის ნორმალიზება ბუნებრივია არ იქნება, მაგრამ ეს არის ის, რაც სჭირდება ქვეყანას. თუმცა ამაზე ვლაპარაკობ თეორიულად, რადგან მსგავსი შემოთავაზება ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა",-განაცხადა კაპანაძემ. 

შეგახსენებთ რომ, გუშინ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამეტო უმრავლესობის ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს. მათი განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, გადადგმულია ნაბიჯები, რომ შეთანხმება შედგეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system