
„კარგია ქვეყნის გახსნა, თუმცა დაგვიანებული", - ასე შეაფასა მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ დღეს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გარკვეული შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, დღეს გადადგმული ნაბიჯები პრემიერის მხრიდან რეპუტაციის განსამტკიცებლად პოლიტიკური აქტია.
„აქამდეც შეიძლებოდა ყველაფრის ეტაპობრივად, ფრთხილად და გონივრული რეგულაციებით გახსნა - საბავშვო ბაღების, მთის კურორტების, უნივერსიტეტების, ტურიზმის სექტორის და ა.შ. ახლა, ფაქტობრივად, გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ქვეყანა დაიქოქოს. მაგრამ კომენდანტის საათის ძალაში დატოვება ლოგიკას არ ექვემდებარება. ამას ერთადერთი ახსნა აქვს - ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. კომენდანტის საათი ხელისუფლებას ამყოფებს პოლიტიკურ კომფორტში და რამდენადაც შეეძლება, ამ კომფორტს გაიხანგრძლივებს. და ბოლოს, უმნიშვნელოვანესი საკითხი - ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა ვაქცინის შემოტანაზე. ქვეყანა იმიტომ ხომ არ გახსნეს, რომ ცოტა ხანში გამოგვიცხადონ, ვირუსი გავრცელდა და ისევ შემოიღონ შეზღუდვები? ასე არ გამოვა. ხელისუფლებამ ვაქცინა სასწრაფოდ უნდა შემოიტანოს, ამასთან უნდა დადოს რეალური და სამართლიანი გეგმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით,“ - აცხადებს ანა დოლიძე.