თავში

ლაშა დარსალია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

ლაშა დარსალია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოში ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეების დელეგაციის ვიზიტის მიზანს 25-26 მარტს დაგეგმილი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდის სათანადოდ მომზადება და დღის წესრიგის საკითხების განხილვა წარმოადგენს.

,,საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის მიზნით. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა პროგრესის მიღწევის საჭიროება მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, საოკუპაციო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა, ძალის არგამოყენება და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, აგრეთვე იძულებთ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებასა და ბოლოდროინდელ პროვოკაციულ ქმედებებს, მათ შორის, მოსკოვის მიერ ე.წ. „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ საკითხის წამოწევას, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის” დამტკიცებას, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მიმდინარეობას, უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს, ქართველთა ეთნიკურ დისკრიმინაციასა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციულ გადაწყვეტილებას ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. მინისტრის მოადგილემ მწვავედ დასვა ზაზა გახელაძის ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ახალგორისა და გალის რაიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ხაზი გაესვა ადგილობრივი მაცხოვრებლების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ 2019 წლის სექტემბრიდან ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვამ სრულ იზოლაციაში მოაქცია რეგიონი, რაც ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისს იწვევს და საფრთხეში აგდებს ადამიანების სიცოცხლეს. შეშფოთება გამოითქვა სამედიცინო ევაკუაციის შეზღუდვის ფაქტებზე, რაც ხშირად ადგილობრივ მაცხოვრებელთა გარდაცვალებით მთავრდებოდა.

ადგილზე გახშირებული პროვოკაციების ფონზე, ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთის IPRM-ის შეხვედრების რეგულარულად გამართვის აუცილებლობას.

საქართველოს დელეგაციამ თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე კვლავ დააყენა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროების საკითხი.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც სამართლებრივად დაადგინა რუსეთის ფედერაციის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროსა და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში. აღინიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება ახალ ეტაპს ქმნის დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდებზე შესაძლებელი გახდეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system