
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, შედეგზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.
„აქ არ არის საუბარი სამართლებრივ გამოსავლებზე. შექმნილია პოლიტიკური კრიზისი და თქვენ გევალებათ, რომ აქედან მოძებნოთ პოლიტიკური გამოსავალი, რომელიც თქვენვე შექმენით თქვენი უსინდისო, უტიფარი ქმედებებით. მოგიწოდებთ, რომ იაზროვნოთ და მოიქცეთ სახელმწიფოებრივად. ნუ ჩაუდგებით ჯიბრში ქართველ საზოგადოებას და ქვეყნის ინტერესებს, ყველანაირი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, „ლელო“ დგას საზოგადოების გვერდით, ხოლო ოპოზიცია არის მრავალფეროვანი, მაგრამ ერთიანი იმაში, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით.
„ზუსტად იმიტომ პატივცემულო მმართველი პარტიის ლიდერებო, რომ 30 წელია გვაქვს ასეთი საარჩევნო სისტემა, ამიტომ ტრიალებს ქვეყანა მოჯადოებულ წრეზე და ამიტომ ვერ დავიწყეთ გარღვევა ამ მოჯადოებული წრის, ამის გარღვევის შესაძლებლობას იძლევა პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომ ახალი სისხლი შემოვიდეს პოლიტიკაში და ერთხელ და სამუდამოდ, პარლამენტმა ასახოს ამომრჩევლის ნება და არა სხვა ინტერესი.
დღევანდელი ოპოზიცია არის მრავალფეროვანი, განსხვავებული წარსულით და განსხვავებული სამომავლო ხედვით, მაგრამ ერთიანი, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით. პოლიტიკური მოძრაობა, საზოგადოებრივი გაერთიანება „ლელო“ დგას იქ, სადაც დგას ქართული საზოგადოება, ჩვენ ვდგავართ რუსთაველზეც, ვიდგებით ყველგან და შევუერთდებით ყველა პროტესტს, რომელიც იქნება სამართლიანი, სადაც იქნება ქართული საზოგადოება და იქნებიან ახალგაზრდები, რომელთა თავდადებულმა ბრძოლამ გააჩინა შესაძლებლობა ზაფხულში, რომ პოლიტიკური პროცესები წარმართულყო სამართლიანად და ახლა გინდათ, რომ ეს შესაძლებლობა მოკლათ. ჩვენ ვდგავართ მათთან და დავრჩებით მათთან ერთად, რადგან აქ დგას სახელმწიფოს ინტერესი,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.