თავში

"ლელო-საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს

"ლელო-საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს
ლელო-საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს

მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული ხედვა სხვადასხვა სოციალური პაკეტების ჩამონათვალს უფრო ჰგავდა, ვიდრე ფართომასშტაბიანი კრიზისის მოგვარების კომპლექსურ ხედვას , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო-საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ პანდემიისგან შექმნილი სიტუაცია ხელისუფლებას სურს, თავის პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებს მიაბას. 

 „ჩვენ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ შევთავაზეთ საზოგადოებას კრიზისის დაძლევის „ლელოს“ მოდელი. შევთავაზეთ ხელისუფლებას ერთობლივი ანტიკრიზისული საბჭოს შექმნა. სამწუხაროდ, მათ ეს შეთავაზება არ მიიღეს. ჩვენ შეგნებულად თავს ვიკავებდით ამ პერიოდში მთავრობის ქმედებების კრიტიკისაგან და ველოდებოდით მათგან დაპირებული ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენას.

სამწუხაროდ, მთავრობის მიერ დღეს წარმოდგენილი ანტიკრიზისული ხედვა სხვადასხვა სოციალური პაკეტების ჩამონათვალს უფრო ჰგავდა, ვიდრე ფართომასშტაბიანი კრიზისის მოგვარების კომპლექსურ ხედვას. სამწუხაროდ, ხელისუფლების მიერ განზრახული ქმედებები პანდემიისგან შექმნილი კრიზისის მოგვარებას კი არა, გარკვეული დროით არსებული კრიზისის შენარჩუნება-გახანგრძლივების მცდელობას დაემსგავსა და ეს დრო საეჭვოდ გადანაწილდა არჩევნებამდე დარჩენილ მთელ პერიოდზე. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ პანდემიისგან შექმნილი სიტუაცია ხელისუფლებას სურს, თავის პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებს მიაბას და არა კრიტიკული სიტუაციის დაძლევის სურვილს. ,,ქართული ოცნების'' გეგმა გულისხმობს 6 თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მიზერული სოციალური შემწეობის იმედად დატოვებას და მხოლოდ არჩევნების მერე გვპირდება პოსტკრიზისული ღონისძიებების გატარებას.

მათ არ უთქვამთ დამაჯერებელი არგუმენტი, რას აპირებენ ბიზნესის გადასარჩენად და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად; რას აპირებენ სოფლის მეურნეობის სფეროს დაუყოვნებლივ დახმარებისათვის; რა ღონისძიებები იგეგმება ეროვნული ვალუტის სტაბილურობის მისაღწევად და ა.შ. არადა, ეს სწორედ ის მიმართულებებია, რასაც დღეიდანვე სჭირდება გადაწყვეტილებების მიღება. მიწის დამუშავება ახლა თუ არ დაიწყო, მხოლოდ ერთი თვე რჩება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის, ნაცვლად იმისა, რომ სოფლად თუ ქალაქად მცხოვრებს ყველას მიწის დასამუშავებლად იწვევდეს, ხელისუფლებამ ახლა, 8 წლის თავზე აღმოაჩინა, რომ მიწები აღრიცხული არა არის და პლუს მოქალაქეებს ათას ხელოვნურ დაბრკოლებას უქმნის გადადგილებისა და ნაკვეთებზე მისვლის კუთხით. უშემოსავლოდ დარჩენილ ოჯახებს ამ სტრესულ სიტუაციაში სჭირდება სახელმწიფოსაგან ქმედითი დახმარება და არა არჩევნებამდე დარჩენილ თვეებზე გადანაწილებული მიზერული შემწეობა. რაც მთავარია, ბიზნესს გადაუდებლად სჭირდება სანდო და საიმედო გარანტიების შექმნა, იმისათვის, რომ შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და ქვეყანამ განვითარება გააგრძელოს“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიტიკური გაერთიანება "ლელო" მზადაა, მთავრობას ოპოზიციასთან ერთად კრიზისიდან გამოსვლის საკუთარი ხედვა გაუზიაროს.

„ლელომ“ თავისი მოდელი, რომელიც 6 მილიარდი ლარის მობილიზებას გულისხმობს და რომლის რესურსი, ფაქტია, რომ არსებობს, ყველა ამ პრობლემას აგვარებს. ჩვენ დღესაც მზად ვართ, რომ დავსხდეთ მთავრობასთან და ოპოზიციურ ძალებთან ერთად და გავუზიაროთ მათ ჩვენი ხედვა, ერთობლივად ვიმსჯელოთ კრიზისიდან გამოსვლის გზაზე, რადგან არჩევნებსაც და გამარჯვებასაც მაშინ აქვს ფასი, როცა რთულ სიტუაციაში ხალხს გამოსავალს შესთავაზებ და ქვეყანას პერსპექტივას შეუნარჩუნებ“,- აღნიშნულია „ლელოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system