თავში

ირაკლი ბერაია: მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ

ირაკლი ბერაია: მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ
ირაკლი ბერაია: მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, სადაც რუსეთის ფედერაციის დელეგაციისთვის უფლებამოსილების აღდგენის საკითხი განიხილებოდა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია სიტყვით გამოვიდა რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და მის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ისაუბრა.

„მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ამ აგრესორი ქვეყნის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას. რუსეთი კვლავ აგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას. საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის, ასევე ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების, ევროპულის ადამიანის უფლებების კონვენციის ეს აშკარა დარღვევა გულისხმობს პირდაპირ თავდასხმას ევროპის უსაფრთხოებასა და საერთაშორისო წესრიგზე. მოსკოვის აგრესიული ქმედებების გამო საქართველოსა და შემდეგ უკვე უკრაინაში დადგა რუსეთისაგან მომავალი გამოწვევების და ევროპაში მოუგვარებელი კონფლიქტების სათანადოდ შეფასების გარდაუვალი აუცილებლობა. დღეს, ასამბლეა განიხილავს იმ ქვეყნის უფლებამოსილებას, რომელიც უგულებელყოფს და პატივს არ სცემს საკუთარ გადაწყვეტილებებს, ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო იურიდიული ინსტრუმენტების რეგულაციებს. მეტიც, ზოგიერთ რუს დელეგატს, რომელიც დღეს სესიას ესწრება, დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების თაობაზე.

ასამბლეის რეზოლუციის შესრულების მაგივრად, ჩვენ ყველა თვალსაჩინოდ ვხედავთ რუსეთისგან დაზარალებულ ქვეყნებში სიტუაციის მუდმივ გაუარესებას. რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მძიმე უსაფრთხოების მდგომარეობის, ჰუმანიტარული კრიზისისა და ადამიანის უფლებების დარღვევებისათვის. იგი უარს ამბობს ძალის არგამოყენების პირობის შესრულებაზე, ოკუპირებული რეგიონების უკანონოდ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის უკან გაწვევაზე და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაშვებაზე“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრის განცხადებით, მაშინ როდესაც სტრასბურგში, რუსეთის ფედერაციის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა მიმდინარეობს, საქართველოში კვლავ გრძელდება ბორდერიზაციის უკანონო პროცესი, საზოგადოებისა და ოჯახების გაყოფა, მათთვის საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, რელიგიურ ადგილებსა და ჯანდაცვის ორგანიზაციებზე წვდომის წართმევა. ე.წ. გადამკვეთი პუნქტის დახურვა კი ჰუმანიტარულ კატასტროფას იწვევს.

„ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაცია, ადამიანის უფლებების დარღვევა, მკვლელობები, წამება, ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავება და მათ საკუთრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევა ყოველდღიურ რეალობას წარმოადგენს. მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მუდმივი მოწოდებისა, რუსეთი დაბრკოლებებს უქმნის აღნიშნული გამოძიებასა და შესაბამისად, დამნაშავეები დაუსჯელი რჩებიან. ოკუპირებული ტერიტორიების ექსპანსიის მცდელობები კიდევ უფრო აუარესებს უსაფრთხოებას ადგილზე და ქნის უფრო ფართომასშტაბიან ესკალაციების რისკს. რუსეთის სამხედრო ძალის არსებობა არსებით საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებას!“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასობით ათასს ლტოლვილს, რომლებიც მუდმივი ეთნიკური წმენდის შედეგად იყვნენ გამოძევებული საკუთარი სახლებიდან, რუსეთი აღნიშულ უფლებებს უზღუდავს. მისივე განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო არჩევნები, რასაც თან ერთვის ბოლო დროს სოხუმში განვითარებული მოვლენები, მიუღებელია და ემსახურება მხოლოდ რუსეთის უკანონო ინტერესების გაძლიერებას.

„დღეს, როდესაც ჩვენ უნდა ვეძებდეთ უფრო ეფექტურ გზებს საერთაშორისო საზოგადოების გადაწყვეტილების აღსრულებისათვის და რუსეთის მიერ მათი შესრულების უზრუნველყოფისათვის, ჩვენ ვკამათობთ უფლებამოსილების აღიარების საკითხზე და ამით ვახალისებთ დაუსჯელობის გრძნობას და ვახდენთ კიდევ უფრო აგრესიული ქმედებების პროვოცირებას მომავალში სუვერენული ქვეყნების წინააღმდეგ. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას მოყვა ყირიმის ანექსია. ვინ იქნება შემდეგი? სანამ რუსეთი ახდენს თავისუფალი დემოკრატიების თამაშის წესების იგნორირებას, მისი ადგილი არ იქნება ამ ოჯახში. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს რუსეთის დაბრუნებას“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს ხმის უფლება აღუდგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system