თავში

მარია ზახაროვამ ქართველ ჟურნალისტებს ღირსებადაკარგული ქალები უწოდა

მარია ზახაროვამ ქართველ ჟურნალისტებს ღირსებადაკარგული ქალები უწოდა
მარია ზახაროვამ ქართველ ჟურნალისტებს ღირსებადაკარგული ქალები უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა სესიის დაწყებამდე, ქართველ ჟურნალისტებთან დაკავშირებულ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

ზახაროვა წერს, რომ ქართველი ჟურნალისტები რუსეთის ფედერაციის დელეგაციას თავს დაესხნენ.

“ქართველი ჟურნალისტები რუსეთის დელეგაციას მიეჭრნენ. გადაადგილება იყო შეუძლებელი. ყვიროდნენ, გვეჯაჯგურებოდნენ და ცდილობდნენ მინისტრ ლავროვთან მიახლოებას. იმისთვის, რომ წინ წავსულიყავით, ღირსებადაკარგული ქალების გვერდზე გაწევა გვიწევდა. და იცით, რა უნდოდათ? დაუჯერებელია! ერთადერთი კითხვა ჰქონდათ: ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში? ეს უკვე რაღაც გონებრივი აშლილობის მსგავსია, როგორ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ჩასვლა-არჩასვლასთან დაკავშირებით. ეს იყო საშინელი სანახაობა”, – წერს ზახაროვა.

ზახაროვას თქმით, ქართული მედიის წარმომადგენლებმა მას და მის კოლეგას კრეს ხელი, თუმცა ინციდენტის დროს, მისივე თქმით, ლავროვი არ დაშავებულა. 

“ყველაზე თვალშისაცემი არის ის, რომ ლავროვს რუსულ ენაზე უსვამდნენ კითხვას, ინგლისურ ენაზე კი ყვიროდნენ “don’t touch me”.  ეს მიხეილ სააკაშვილის სტილია, რომელიც მიწაზე გორავდა რუსული ავიაციის სროლის დროს”,- აღნიშნა ზახაროვამ. 

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტებს ავადმყოფები უწოდა. როგორც ჟურნალისტი ანა ბროლაძე სოციალურ ქსელში წერს, ლავროვის გაღიზიანება ჟურნალისტების დასმულმა კითხვამ გამოიწვია: ჩამოვა თუ არა ის თბილისში, თუკი ევროსაბჭოს მინისტერიალი აქ გაიმართება. 

ლავროვმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა და მათ ავადმყოფები უწოდა.

,,სერგეი ლავროვს ვეკითხები - აპირებს თუ არა საქართველოში ჩამოსვლას, თუ ევროსაბჭოს მინისტერიალი იქნება თბილისში, გვირტყეს, გვეჭიდავნენ და პასუხი - ავადმყოფები ხართ გოგოებო ", - წერს ანა ბროლაძე სოციალურ ქსელში.

რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრს კითხვები ჟურნალისტებმა სტრასბურგში დაუსვეს, სწორედ სტრასბურგში უნდა გადაწყდეს, სად გაიმართება ევროსაბჭოს მინისტერიალი – სტრასბურგში თუ თბილისში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system