თავში

მითხარით, რომ ეს ასე არ არის და რაღაც მეშლება - ირინა სარიშვილი

მითხარით, რომ ეს ასე არ არის და რაღაც მეშლება - ირინა სარიშვილი
მითხარით, რომ ეს ასე არ არის და რაღაც მეშლება - ირინა სარიშვილი

ყოფილი პარლამენტარი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს ეხმაურება.

"იმ სრულიად წყალწყალა დოკუმენტს 2 ცვლილება დაემატა. რამდენად მნიშვნელოვანი და არსებითია ეს ცვლილებები?

1. ამნისტიით პატიმრების გამოშვება. ეს ცვლილება არ ასახავს პოლიტპატიმრებად განსაზღვრული ადამიანების აღიარებას და ამნისტიით განთავისუფლება შეიძლება უხაროდეს მხოლოდ დამნაშავეს. ასეც მოხდება – პოლიტპატიმრები განთავისუფლდებიან სისხლის სამართლის დამნაშავეებთან ერთად. თან ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჯერ ბოიკოტი იყო და მერე ნიკა მელიას დაპატიმრება და ამდენად მისი განთავისუფლება არ ხსნის ბოიკოტის თემას. ბოიკოტი გამოცხადდა არჩევნების გაყალბების და არა ნიკა მელიას დაპატიმრების გამო. ზუსტად ეს პოზიცია აქვს თავად ნიკა მელიასაც, რომელიც აბსურდულად მიიჩნევს თავის განთავისუფლებას იმის ხარჯზე, რისთვისაც ის იბრძვის.

2. ვადამდელი არჩევნები ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში ხელისუფლება 43 პროცენტზე ნაკლებს აიღებს. არც ესაა პრობლემა და ასე უკვე მოხდა ამ საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ შედეგები გაყალბდა. დოკუმენტში არსად არ ჩანს დათქმა ცსკო–ს შემადგენლობის და მისი თავმჯდომარის შეცვლაზე. შესაბამისად არ არსებობს არანაირი ვალდებულება ხელისუფლების მხრიდან და იგივე პირობებში არჩევნები ზუსტად ისე დასრულდება როგორც საპარლამენტო დასრულდა, თან სტიმულიც უფრო მეტი ექნება ხელისუფლებას და ის სამოქალაქო დაპირისპირებაზეც წავა ამის მისაღწევად. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ასე საკითხის დაყენება – თუ 43 პროცენტზე ნაკლებს აიღებს ხელისუფლება, მაშინ ტარდება ვადამდელი და თუ არა, მაშინ არ ტარდება, არასწორი და არასერიოზულია. რა გამოდის – საპარლამენტო არჩევნები რომ გაყალბდა, ეს ადგილობრივი არჩევნების შედეგებმა უნდა დაადასტუროს ან უარყოს? ასეთივე წარმატებით შეიძლებოდა სიმაღლეში ხტომაზე გამოცხადებულიყო შეჯიბრება და ვინც მოიგებდა, იმის მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა.

ეგებ ვინმემ ამიხსნას რომ რაც აქ დავწერე, ასე არ არის ან მე რაღაც ვერ გავიგე – მადლობელი დავრჩები. რატომ არ აწერს ამ დოკუმენტს "ოცნება" ხელს? ეგებ ზუსტად იმიტომ რომ გაჩნდეს ილუზია, თითქოს ამ დოკუმენტით რაიმე ოპოზიციის სასარგებლოდ იცვლება და შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში – ხელისუფლებისთვის სწორედ ესაა დღეს მნიშვნელოვანი, ხოლო ამ დოკუმენტში ეს 2 ახალი დამატება ხელისუფლებისთვის მშვენიერი გამოსავალია – ნიკა მელია, რომლის პატიმრობა ძალიან დიდ უხერხულობას უქმნის "ოცნებას", განათავისუფლებენ ამნისტიით და ადგილობრივ არჩევნებს ზუსტად ისე ჩაატარებენ, როგორც საპარლამენტო ჩაატარეს. მითხარით ვინმემ რომ ეს ასე არ არის და რაღაც მეშლება, ან რაღაც არ ვიცი და ამიტომ ვერ ვხვდები! 

P.S. არც ერთი წუთით ეს სტატუსი ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მიმართული არ არის. ოპოზიცია, ისევე როგორც ხელისუფლება, ციდან არ მოდის და ამ საზოგადოების ნაწილია. არც შესვლის შემთხვევაში ვაპირებ ვინმესთვის რაიმე იარლიყის მიკერებას. მე უბრალოდ ერთი რამე ვიცი: ამ მოჯადოებული წრის გარღვევას თავზეხელაღებული გადარეული პატრიოტები ჭირდება ოპოზიციაშიც და ხალხშიც. სხვანაირად არაფერი გამოვა და მაშინ მართლა აღარ აქვს მნიშვნელობა, უაზროდ შეხვალ თუ არ შეხვალ პარლამენტში,"წერს ირინა სარიშვილი Facebook-ზე. 

ცნობისთვის, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს, საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი წარუდგინა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system