თავში

მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ზეწოლას კრიზისის დასაძლევად - სამადაშვილი - VIDEO

მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ზეწოლას კრიზისის დასაძლევად - სამადაშვილი - VIDEO

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ "ქართულ ოცნებას" აქვს ილუზია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დღეს ჩამოვიდა, ხვალ წავა და აღარ დაინტერესდება ქვეყანა როგორ გამოვა კრიზისიდან, ცდება. აღნიშნული განცხადება სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისივე შეფასებით, ევროპელი მოკავშირეების და სტრატეგიული პარტნიორების შეშფოთება ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უკიდურესად მაღალია. მისი თქმით, პარტნიორებს კარგად ესმით, რომ შეუძლებელია ხელისუფლება აპატიმრებდეს პოლიტიკურ ლიდერებს და ამავე დროს დიალოგზე საუბრობდეს. 

"თუ „ქართულ ოცნებას“ აქვს ილუზია, რომ ბატონი მიშელი ხვალ წავა და აღარ დაინტერესდება რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ეს ასე არ იქნება. დაპირება, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ არის ის, რომ ევროკავშირი იქნება უკიდურესად აქტიურად ჩართული შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად და განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას იმისთვის, რომ კრიზისი დაიძლიოს, მათ შორის, ხელისუფლებაზეც. ჩვენი ევროპელი მოკავშირეების და სტრატეგიული პარტნიორების შეშფოთება ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით არის უკიდურესად მაღალი. ყველას ესმის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი აუცილებლად მოსაძებნია და წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პროცესები რომლებიც შეიძლება განვითარდეს აწყობს მხოლოდ რუსეთს. ევროკავშირს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში აქვს გეოპოლიტიკური ინტერესი, სწორედ ამიტომ, გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი როგორც ევროკავშირის ფუნქციის გაძლიერებაზე კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად ასევე მთავარ პრობლემებზე, რომელსაც ვხედავთ კრიზისდან გამოსვლის თვალსაზრისით, როგორიც არის პოლიტიკური პატიმრების საკითხი. ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდნენ იმისათვის, რომ დავიწყოთ კრიზისიდან გამოსვლა და ქვეყანას სჭირდება ახალი, განახლებული დემოკრატიული პროცესი. ეს პროცესი შესაძლოა იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. გვქონდა დეტალური საუბარი ყველაფერ ამაზე და იმ გზაზე როგორ ვხედავთ ჩვენ გამოსავალს პოლიტიკური კრიზისიდან. ჩვენს პარტნიორებს კარგად ესმით, რომ შეუძლებელია მძევლად აყავდეს ადამიანები ხელისუფლებას, აპატიმრებდეს პოლიტიკურ ლიდერებს და ამ დროს საუბრობდეს დიალოგზე“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system