თავში

"მოვისმინეთ ხისტი პოზიციები, შეიძლება ითქვას, ფარული მუქარაც კი" - ლაშა დარსალია

"მოვისმინეთ ხისტი პოზიციები, შეიძლება ითქვას, ფარული მუქარაც კი" - ლაშა დარსალია
მოვისმინეთ ხისტი პოზიციები, შეიძლება ითქვას, ფარული მუქარაც კი - ლაშა დარსალია

"საკმაოდ რთული მოლაპარაკებათა პროცესია", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟენევის მოლაპარაკებების 55-ე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან არის ხისტი ზეწოლის განხორციელების მცდელობა, რომ 6-პუნქტიან შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები მეორე პლანზე გადავიდეს.

"საკმაოდ რთული მოლაპარაკებათა პროცესია. განსაკუთრებით უსაფრთხოების ჯგუფში მოვისმინეთ საკმაოდ ხისტი პოზიციები და შეიძლება ითქვას ფარული მუქარაც კი, რაც იმას ნიშნავს, რომ გაგრძელებაც საკმაოდ რთული იქნება. გვაქვს რეალობა, როდესაც 6-პუნქტიან შეთანხმებასთან მიმართებაში რუსული მხრიდან არ ჩანს არანაირი სურვილი და მოტივაცია, რომ წინ წავიწიოთ.

მეტიც, ხისტი ზეწოლის განხორციელების მცდელობაც კია, რომ ეს საკითხები გადავიდეს მეორე პლანზე და სხვა საკითხებზე იყოს მსჯელობა. ანუ, ჟენევის თემები არ იყოს მოლაპარაკებების პროცესში შემოტანილი, რასაც ქართული მხარე ეწინააღმდეგება. ჩვენთვის მთავარია, რომ 6-პუნქტიან შეთანხმებაზე იყოს მიღწეული პროგრესი – ესაა რეალურად სტატუსკვოზე დაბრუნება, რომელიც უნდა იყოს კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარების წინაპირობა. სხვანაირად ჩვენ შევდივართ ჩიხში და კონფლიქტი გაგრძელდება. მოლაპარაკებებზე მაგალითად იყო ხაზგასმა საქართველოში ჩატარებულ სამხედრო წვრთნებზე და მცდელობა ამის წარმოჩენის, როგორც საფრთხის რეგიონის უსაფრთხოებისთვის.

ფარულ მუქარაზე როდესაც ვსაუბრობთ, არის მცდელობა, ვისაუბროთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რადგან ჟენევის ფორმატი არის ერთადერთი რამისთვის, 6-პუნქტიანი შეთანხმებისთვის. ცალსახაა, რომ საქართველო არ აპირებს, განიხილოს ვინმესთან და განსაკუთრებით რუსეთთან, როგორი უნდა იყოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები. ეს არის არჩევანი, რომელიც საქართველოს საზოგადოებამ დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს არ არის ჟენევის მოლაპარაკებების საკითხი", - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system