თავში

მოვუწოდებ ყველა პარტიას, იპოვონ კომპრომისი - ჟოზეფ ბორელი

მოვუწოდებ ყველა პარტიას, იპოვონ კომპრომისი - ჟოზეფ ბორელი
მოვუწოდებ ყველა პარტიას, იპოვონ კომპრომისი - ჟოზეფ ბორელი

მივესალმები პოზიტიურ ნიშნებს, რომ "ქართული ოცნება" მზად არის, დაეთანხმოს შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ წინადადებას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საბჭოს ეგიდით შეთავაზებულ შეთანხმებას ყველა პარტია მოაწერს ხელს.

"პრეზიდენტ მიშელის სახელით ახალი წინადადება იყო წარმოდგენილი, რათა მონახულიყო გზა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს ჩვენ ახალი ამბები მივიღეთ. მივესალმები პოზიტიურ ნიშნებს, რომ "ქართული ოცნება" მზად არის, დაეთანხმოს შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ წინადადებას. იმედი მაქვს, რომ სხვა პარტიებიც გადადგამენ ნაბიჯს შეთანხმებისკენ. მე მოვუწოდებ ყველა პარტიას, იპოვონ კომპრომისი, რათა ჩიხიდან გამოსავალი ნაპოვნი იყოს და რათა საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიული კონსოლიდაცია. იმედი მაქვს, დღის ბოლოს კარგ ამბებს გავიგებთ.

მივაწოდე ინფორმაცია მინისტრებს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ერთად, აშშ-თან კოორდინაციით და თბილისში ჩვენი დელეგაციის დახმარებით, პრეზიდენტ მიშელის ჩართულობით და საგარეო ქმედებათა სამსახურის მხარდაჭერით. წარმოვადგინეთ შეთავაზება, რომელსაც დაეთანხმა "ქართული ოცნება" და დანარჩენ პარტიებთან მოლაპარაკებები გრძელდება, რათა შეთანხმება მიღწეული იყოს. ამის პერსპექტივა კარგია. თუმცა დისკუსია მინისტრებს შორის ამ საკითხზე არ გამართულა და მათ უბრალოდ მიიღეს ინფორმაცია ჩვენი სამუშაოს შესახებ. ვნახოთ, რა მოხდება დღის ბოლოს", - განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერს. 

"ნაციონალური მოძრაობა" ამ ეტაპამდე უარს ამბობს, რომ ამ პირობებით, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს

დღესვე, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზად არის, 43-პროცენტიანი მაჩვენებლით შეთანხმებას ხელი მოაწეროს.

ცნობისთვის, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს, საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი წარუდგინა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system