თავში

მთავრობამ შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

მთავრობამ შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
მთავრობამ შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ დღეს შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება. 

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, ეს არის კანონის პროექტი, რომელსაც ქვეყნის შშმ პირთა თემი საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ამ დრომდე ელოდა. 

წულუიკიანმა კანონპროექტის შემუშავებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს, პირებსა და ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა. მისივე განმარტებით, საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, მოცემული კანონპროექტით, საქართველო გადავა აბსოლუტურად ახალ სფეროში. 

" ამ კანონის ძალაში შესვლისთანავე, დასრულდება ხანა, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ შშმ პირი, არის ჯანდაცვის სისტემის ზრუნვის საგანი. შშმ პირი გახდება, როგორც ეს არის, მაღალდემოკრატიულ ქვეყნებში, სოციალური უფლებების სფეროში დაცვის, როგორც ობიექტი, ასევე სუბიექტი. 

მინდა იმედი გამოვთქვა, რომ პარლამენტში, რატი იონათამიშვილთან ერთად, სხვა დეპუტატებიც დიდ მხარდაჭერას აღმოუჩენენ ამ კანონის პროექტს.
კანონპროექტით გათვალისწინებულია ასევე ის, რომ გაერო-ს კონვენციის, რომლის რატიფიცირება გახსოვთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ 2013 წელს მოხდინა, ამ კონვენციის იმპლემენტაციის ზედამხედველობის ორგანო შეიქმნება არა რომელიმე სამინისტროში, არამედ საქართველოს მთავრობაში.
მოლოდინის საგანი იყო ასევე ის, რომ კანონით განიმარტებოდა, თუ რა არის ჟესტური ენა. ეს პროექტი ამ განმარტებასაც ითვალისწინებს.
ამ პროექტში მოცემულია ისეთი პრინციპებიც, და სიახლეებიც, როგორიცაა მაგალითად გონივრული მისადაგების პრინციპი, ამ სფეროში უნივერსალური თანასწორობის დაცვის პრინციპი. მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ შშმ პირი, თითოეული ჩვენგანის თანასწორ პირობებში იყოს ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იყოს ყველასთან ერთად თანასწორი. არა მხოლოდ კანონის, არამედ სერვისებისა და სხვა მომსახურებების წინაშე. ამ მიზნით კანონპროექტი ითვალისწინებს 2020 -2030 წლის პერიოდს, როდესაც მთავრობას ევალება შეიმუშაოს 10 წლიანი სტრატეგია. სამინისტროებს ევალებათ შეიმუშაონ წლიური სამოქმედო გეგმები და ეტაპობრივად შემოვიდეს შშმ პირის სტატუსის მინიჭების ახლებური მოდელი. კერძოდ, ეს ახალი მოდელი არის ბიო-ფსიქო სოციალური მოდელი, რაც ჩვენ წინასწარ უკვე ვიცით, რომ გაზრდის ჩვენს ქვეყანაში სტატუსს მინიჭებული პირების ოდენობას. გარკვეული ოდენობა შშმ პირებისა დღეს არის დარჩენილი დაცვის მექანიზმების მიღმა, იმიტომ, რომ შეფასების მოდელი არ არის ბიო ფსიქო სოციალური.
ასევე მუნიციპალიტეტებს ეკისრებათ ახალი ვალდბულება, რომელიც ეტაპობრივად შევა ძალაში, რომ თავიანთ იურისდიქციის ფარგლებში ხელი შეუწყონ შშმ პირთა ცენტრების შექმნას, რომელიც იქნება საკონსულტაციო და ასევე შემოიღონ სრულიად ახალი ინსტიტუტი, ეს არის პერსონალური ასისტენტის ინსტიტუტი, ამ სერვისის მოცულობას განსაზღვრავს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო, კანონით დადგენილ ვადაში
", - განაცხადა მინისტრმა.

წულუკიანის განმარტებით, რაც შეეხება შენობებსა და ინფრასტრუქტურას, 2014 წელს საქართველოს მთავრობამ ვალდებულება შემოიტანა, რომ თითოეული ახალი შენობა ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებზე.

"აქ ჩვენ პრაქტიკულად პრობლემა აღმოვფხვერით უკვე რამდენიმე წლის წინ, მაგრამ პრობლემად რჩება ძველი შენობები და ეს პროექტი, რომელიც დღეს დამტკიცდა ამბობს, რომ 2020 წლიდან 2035 წლამდე ყველა საჯარო დაწესებულება, იქნება ეს სკოლები თუ სხვა, თითოეულმა სამინისტრომ უნდა გარდაქმნას, ამას ძალიან დიდი ფინანსური ინვესტიცია დასჭირდება და ამ 15 წლიან პერიოდში ძველი შენობების ადაპტირება უნდა დასრულდეს. უფრო მეტიც, ეს კანონი შეეხება კერძო სექტორის შენობებსაც, თუ ამ შენობებში გაიცემა მომსახურება. თუ ეს ახალი ნორმა ეხება საჯარო დაწესებულებების სფეროში ყველა დაწესებულებას და შენობას, კერძო სამართლის სუბიექტების შემთხვევაში, ეს შეეხება მხოლოდ იმ ძველ შენობებს, რომლებშიც გაიცემა ამა თუ იმ ტიპის მომსახურება, იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ თანასწორ პირობებში შევძლოთ მომსახურების მიღება"- აღნიშნა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, ამ კანონით შემოდის სპეციალური მოსარჩელის სტატუსი.

"ეს ნიშნავს, იმას, რომ კონკრეტული გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძოდ, ისინი ვისაც აქვს შშმ პირთა უფლებების დაცვის სფეროში სასამართლო დაცვის გამოცდილება, შეძლებენ, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვისთვის მათ ნაცვლად იდავონ სასამართლოში და დაიცვან მათი უფლებები"- აღნიშნა წულუკიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system