თავში

ნათია თურნავა: ოპოზიციას სათქმელი აღარ დავუტოვეთ

ნათია თურნავა: ოპოზიციას სათქმელი აღარ დავუტოვეთ
ნათია თურნავა: ოპოზიციას სათქმელი აღარ დავუტოვეთ

ვფიქრობ, რომ ჩვენი ანტიკრიზისული გეგმით და ზოგადად ჩვენი მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებებით, თუ როგორ წარმატებით ვუმკლავდებით კორონავირუსს და როგორ წარმატებით დავიწყეთ ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება, ბევრი სათქმელი არ დავუტოვეთ ოპოზიციას. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის მხარდამჭერი გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, ის შეფასებები, რასაც ისინი სხვადასხვა ოპონენტის მხრიდან ისმენენ, ურთიერთგამომრიცხავია, ხოლო გეგმით გათვალისწინებული ყველა ზომა დროულია. 

„ხან გვესმის, რომ ეს არის გაჭირვების, შველის პროგრამა და არა ეკონომიკური, არამედ სოციალური პროგრამა. დიახ, ეს არის გაჭირვებაში მყოფი ადამიანების სასწრაფოდ შველის და ხანძრის ჩაქრობის პროგრამა. ეს არის მათ შორის ეკონომიკის შველის პროგრამა და მთავარია სოციალური მიმართულება. ხან გვესმის, რომ წინასაარჩევნო პროგრამაა ანუ ეს, როგორც კომპლიმენტი ისე უნდა გავიგოთ იმიტომ, რომ წინასაარჩევნო მათი გაგებით ნიშნავს მიმზიდველს და მართლაც, ეს ისეთი პროგრამაა, რომლის გამოც ჩვენ გვერდში ძალიან ბევრი გვიდგას და დაგვიდგება. მოსახლეობაც ხედავს ამას და ბიზნესიც ხედავს ამას.

ხან გვესმის, რომ ეს არის სასწრაფოდ მიღებული ზომები. ეს არის არამარტო ყოვლისმომცველი ანტიკრიზისული პროგრამა, ეს არის დროულად მიღებული ზომები, დროულად მიღებული დახმარება საფინანსო ინსტიტუტებიდან, დროულად შეთავაზებული მექანიზმები და ფინანსური დახმარება მოსახლეობას, სხვადასხვა ფენას და ბიზნესს.  ასე რომ, ისევ ვამბობ: უკეთ მოემზადონ, გაეცნონ პროგრამას. ნებისმიერ კონსტრუქციულ დიალოგში და პოლემიკაში აუცილებლად შევალ. ნებისმიერ კონსტრუქციულ შემოთავაზებას გავითვალისწინებთ იმიტომ, რომ კორონავირუსი ისეთი გამოწვევაა, რომლის წინაშეც ყველანი უნდა ვიყოთ კონსოლიდირებული. საღი აზრი მისაღებია, არ მივიღებთ პოპულიზმს, კორონავირუსის პოლიტიკური კონიუნქტურით გამოყენების მცდელობას და არ მივიღებთ პოლიტიკურ სპეკულაციებს“, - აღნიშნა თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system