
“ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ დღეს, 17 სექტემბერს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 71% მხარს უჭერს საქართველოს გაცხადებულ მიზანს, გაწევრიანდეს ნატოში.
აღნიშნული კვლევა მიმდინარე წლის 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის ცდომილება 1.7%-ია. საველე სამუშაოები “CRRC – საქართველომ” ჩააატრა.
მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებული კვლევით, ნატოში გაწევრებას 74% უჭერდა მხარს, 2018 წლის დეკემბერში კი 78%. ეს მაჩვენებელი ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო, თუმცა როგორც გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, დეკემბრიდან დღემდე მომხრეთა რაოდენობა 7%-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრების მომხრეთა რაოდენობას, აღნიშნულ მიზანს მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით 78% უჭერს მხარს, აპრილში კი ეს მაჩვენებელი 77% იყო. თუმცა კლება 2018 წლის დეკემბერთან შედარებით, ამ მიმართულებით თვალსაჩინოა. ევროკავშირში გაწევრებას გასული წლის დეკემბერში 83% უჭერდა მხარს და ნატოს მხარდამჭერთა მსგავსად, აღნიშნული მონაცემიც ბოლო წლებში ზრდის ტენდეციით ხასიათდებოდა.
კვლევის მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ დიდ ქალაქებსა და რეგიონებში ევროკავშირის მხარდამჭერთა მაჩვენებელი 85 და 82 პროცენტია, თბილისში – 78%, ხოლო უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში 57%.
თბილისში ნატოს მხარდამჭერთა რაოდენობა 75%-ია, დიდ და პატარა ქალაქებში 77%-78%, სოფელში – 81%.
თამთა კაპანაძე
ავტორი