თავში

ნიკა გვარამია: ყოველთვის დავიცავ ბიძინა ივანიშვილის შვილებსა და შვილიშვილს

​ნიკა გვარამია: დავიცავ ბიძინა ივანიშვილის შვილებსა და შვილიშვილს
ნიკა გვარამია: ყოველთვის დავიცავ ბიძინა ივანიშვილის შვილებსა და შვილიშვილს

ნიკა გვარამია და მისი ოჯახი საქართველოს არ დატოვებს. ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორმა გადაცემა „მთავარი აქცენტების“ გამხსნელ სიტყვაში განაცხადა. საკითხთან დაკავშირებით მისი მონოლოგი ნახევარ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. გვარამიამ მაყურებელს უამბო მისი ოჯახის ისტორია. მან ასევე გაიხსენა, თუ როგორ ჩაერთო პოლიტიკაში და რა გზა განვლო 2004 წლის შემდეგ.

ნიკა გვარამიამ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც შეაფასა, რა დროსაც, მისი თქმით, მეუღლესა და შვილებს აშკარა დაშინების მიზნით უთვალთვალებდნენ.

„ჩვენ ვილაპარაკეთ დიდი ხანი და შევჯერდით. ზუსტად ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს მონოლოგი მეთქვა და გამომეცხადებინა ჩვენს ამ ქვეყნიდან წასვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.

ჩვენ ვერ წავალთ იქედან, სადაც მოვიპოვეთ თავისუფლება, მე, მამამ, ზვიადმა [გამსახურდია], ეკამ [ხერხეულიძე] და სხვებმა. ჩვენ ვერ წავალთ იქედან, სადაც ვაშენეთ ახალი ევროპული და ნამდვილი წამრატებული ქვეყანა, მეც მათ შორის, მაგრამ ჯერ მიშამ [სააკაშვილი] და სხვებმა. ჩვენ ვერ წავალთ იქედან, სადაც ბიძინა [ივანიშვილი] დავამარცხეთ ჩვენი გამბედაობით, შიშველი ხელებით, თანმიმდევრულობით და სიმართლით. ჩვენ ვერ წავალთ იქედან, სადაც გვაქვს მორალური უპირატესობა სრული სიმართლის სახით და მორალური ვალდებულება ილია ჭავჭავაძის ქვეყნის დაცვის. ჩვენ ვერ და არ გავაკეთებთ ამას. ჩვენ ვრჩებით და ბოლომდე დავეხმარებით ყველას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მან მონოლოგის დასასრულს ბიძინა ივანიშვილს შვილიშვილის შეძენაც მიულოცა.

„ნიკა გვარამია, სადაც და როგორც შეეძლება, ყოველთვის დაიცავს ბიძინა ივანიშვილის შვილებს და იმ შვილიშვილსაც, რომელიც ახლა გაუჩნდა და რომელსაც, ჩემი აზრით, ძალიან სიმპატიური სახელი, ბერუკა ჰქვია. ვულოცავ მას შვილიშვილის შეძენას, მაგრამ, სამწუხაროდ, მის შვილიშვილს ბაბუა არ ჰყავს. ბაბუა, გნებავთ აღმოსავლური პაპა, კეთილი სიტყვაა. ბიძინა ივანიშვილში კი მისხალი სიკეთისა არ არის“, - თქვა მან. 

26 ნოემბერს ნიკა გვარამიამ ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ივარაუდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას და მის ოჯახის წევრებს უკანონოდ უთვალთვლებს. უწყებამ გვარამიას უპასუხა და ბრალდებებს „უსაფუძვლო“ უწოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system