თავში

ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ - პრეზიდენტი

ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ - პრეზიდენტი
ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მისი აქტიური ჩართულობისთვის და მიესალმება პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლების შეხვედრაში კონსტრუქციულ მონაწილეობას.

თუმცა, პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ პროცესი კარგად გააზრებული არ არის.

,,გუშინ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა და დაიწყო პროცესი, რომელიც დღის ბოლოს ორბელიანების სასახლეში დაგვირგვინდა.

მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მისი აქტიური ჩართულობისთვის და მივესალმო პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლების კონსტრუქციულ მონაწილეობას. თუმცა, რაც მოხდა გუშინ, ორბელიანების სასახლეში კარგად გააზრებული არ არის.

ევროკავშირმა, უმაღლესი პოლიტიკური ფიგურის ქვეყნის კრიზისში და მის განმუხტვაში ჩართვით, გვაჩვენა, რომ ევროპა არა თუ გასულია ამ რეგიონიდან და ამ ქვეყნიდან, არამედ პირიქით, საქართველოს დემოკრატიულობა, სტაბილურობა და განვითარება ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ევროპისათვის.

ამ ფონზე კი, პირდაპირ საკვირველია დღევანდელი რეაქციები, დაწყებული იმით, რომ კითხულობენ - სად იყო პრეზიდენტი, დამთავრებული - პიკეტირებით, თუ ახალი დაკავებებით.

ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს. ჩვენგან ელიან მეტ თანმიმდევრულობას, მეტ კონსტრუქციულობას, მეტ სახელმწიფოებრივ მიდგომას, ანუ ჭეშმარიტ პატრიოტიზმს", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირველ მარტს შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან.

მოგვიანებით, შარლ მიშელის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system