თავში

ოკუპაციამ ვერც ერთი დღით ვერ გადაახვევინა საქართველოს ევროინტეგრაციის გზიდან - პრეზიდენტი

ოკუპაციამ ვერც ერთი დღით ვერ გადაახვევინა საქართველოს ევროინტეგრაციის გზიდან - პრეზიდენტი
ოკუპაციამ ვერც ერთი დღით ვერ გადაახვევინა საქართველოს ევროინტეგრაციის გზიდან - პრეზიდენტი

"ეს გახლავთ ისტორიული ვიზიტი, პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოს და მონტენეგროს შორის დიპლომატიური ურთიერთობების მანძილზე", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მონტეგროს პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევითა და სოლიდარობით, პანდემიის სწრაფად დამარცხებას შევძლებთ და დავუბრუნდებით ურთიერთობების ჩვეულ ფორმატს, რომელიც ჩვენთვის, შედარებით პატარა ქვეყნებისთვის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დიდი ქვეყნებისთვის და ჩვენ ეს დიპლომატიური აქტივობა ძალიან გვჭირდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე ამის საწყისია.

თქვენი ვიზიტი საქართველოს მომავალი დემოკრატიული და ევროპული განვითარებისთვის მნიშვნელოვან პერიოდს ემთხვევა, რადგან, 2 ოქტომბერს ჩავატარეთ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების პირველი ტური და ახლა ვემზადებით მეორე ტურისთვის და პირადად მე, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ჩატარდება მშვიდობიანად, ღიად და ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი სტაბილურობისა და დემოკრატიის გამყარებისთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტ ჯუკანოვიჩთან განიხილეს საქართველოს და მონტენეგროს გეოპოლიტიკური სიტუაცია. 

"პრეზიდენტს ავუხსენი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, რომელიც იმ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობისათვის ყოველდღიურ წნეხს წარმოადგენს, თუმცა, ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გზას - ევროინტეგრაციის გზას. ამან არცერთი დღით არ გადაგვახვევინა ამ გზიდან, არ შეგვაცვლევინა მყარი პოზიციები და არც მოსახლეობის მყარი მხარდაჭერა ამ გზის მიმართ, რაც ამ კუთხით ჩვენი ერთობლივი გამარჯვებაა.

ამ გზაზე ჩვენ ძალიან გვჭირდება ყველა პარტნიორის პოლიტიკური მხარდაჭერა და ამავდროულად გამოცდილების გაზიარება. ამ კუთხით მონტენეგრო ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს, რამეთუ მან 2017 წელს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში გაწევრიანება შეძლო და ის, თავის ევროპულ გზაზე ჩვენთან შედარებით წინაა წასული, რადგან გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს, რაც ვიტყოდი, რომ ჩვენი ოცნებაა.

საინტერესო იქნება, მათი გამოცდილების გაზიარება დღეს, როცა ჩვენ 2024 წლისთვის და ჩვენი კანდიდატურის განცხადებისთვის ვემზადებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღეს და ახლა მივიღოთ სწორედ ეს კონკრეტული გამოცდილების გაზიარება, რათა გადავდგათ იმ მიზნამდე მისასვლელი ნაბიჯები, რომელიც ჩვენი ერთობლივი და დიდი ეროვნული მიზანია.

შეხვედრისას გავაანალიზეთ ჩვენი ქვეყნების გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც ბევრი კუთხით შეიძლება ძალიან განსხვავებული ჩანდეს, რეალურად კი, ბევრი საერთო გვაქვს. ჩვენ საერთო დასკვნამდე მივედით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც დასავლეთ ბალკანეთში, ასევე კავკასიაში უფრო მეტად ვიგრძნოთ ევროკავშირის ჩართულობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის მაღალი დონის ჩართულობა ჩვენი პოლიტიკური კრიზის დაძლევაში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო 19 აპრილის დოკუმენტი, მაგრამ, ახლო მომავლისთვის, შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, რომ ევროკავშირმა თავის საგარეო პოლიტიკაში უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ამ რეგიონებს, რომლებიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ, ისიც შეიძლება ითქვას, რომ ვერ წარმოიშობა ევროკავშირის სერიოზული საგრეო პოლიტიკა თუ ასევე, არ იქნება გათვალისწინებული ევროკავშირის პოზიცია ამ ორ რეგიონთან მიმართებაში, თუ რა უნდა იყოს ეს პოზიცია და როგორი უნდა იყოს დაცული.

განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების საკითხები - ეს იქნება საპარლამენტო თუ პოლიტიკური კონსულტაციების დონეზე: ეკონომიკური, ტურიზმისა და კულტურული კუთხით, რამეთუ ეს ის მიმართულებებია, რომლებიც ჩვენს ურთიერთობას რეალურ და კონკრეტულ სახეს მისცემს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ორი ქვეყნის რეალური დამეგობრებისათვის.

ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ ძალიან წარმატებულ ვიზიტს და იმედი მაქვს, რომ შემდეგ ჯერზე მომეცემა საშუალება საქართველოს სხვა რეგიონებიც გაგაცნოთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system