თავში

პარტნიორების მოწოდებას ოპოზიციამ პოლიციასთან ქუჩაში ძალადობით უპასუხა - თალაკვაძე

პარტნიორების მოწოდებას ოპოზიციამ პოლიციასთან ქუჩაში ძალადობით უპასუხა - თალაკვაძე
პარტნიორების მოწოდებას ოპოზიციამ პოლიციასთან ქუჩაში ძალადობით უპასუხა - თალაკვაძე

აშკარაა, რომ პარტნიორების მოწოდებას - მოხერხდეს დაძაბულობის შემცირება და ვითარების დეესკალაცია, რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა, პოლიციასთან ქუჩაში ძალადობით და პროვოკაციებით უპასუხეს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ საპროტესტო აქციებს.

მისივე თქმით, სამართლებრივი წესრიგის ხელყოფა მიმართულია ვითარების დარეგულირების წინააღმდეგ. 

“პოლიტიკური პროცესის დაბალანსება და დამშვიდება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა მხარე პატივს სცემს კანონს, ინსტიტუტებს და სამართლიანობის პრინციპებს. „ქართული ოცნება“ ყოველთვის ამ პრინციპების დაცვით მონაწილეობდა პოლიტიკურ დიალოგში და მოლაპარაკებებში. ჩვენ, გადავდგით ძალიან კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯები არა მხოლოდ ახლანდელი პოლიტიკური დიალოგის არამედ, 8 მარტის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებშიც და ის ფუნდამენტური რეფორმები, რაზეც ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და დავდეთ პირობა, „ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლიანად შეასრულა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური შეთანხმებისთვის და დიალოგისთვის იმას, თუ ვის ესაუბრები, რამდენად პასუხისმგებელია მეორე მხარე და რამდენად ასრულებს ის ვალდებულებებს, რომელიც აღებული აქვს ან შეიძლება აიღოს მომავალში პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს 20 პირი დააკავეს. შსს-ს განმარტებით, აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც რამდენიმე თვეა საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელთან კარვებში იმყოფებოდნენ, კარვის გადმოტანას პარლამენტის წინ ცდილობდნენ.

მოგვიანებით პარლამენტთან "ლელოს" ლიდერები და ახალგაზრდული ფრთის წევრები შეიკრიბნენ, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებდნენ. მათ ასფალტზე წარწერების გაკეთება სცადეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა. ამის შემდეგ ვითარება დაიძაბა. "ლელოს" ლიდერების განცხადებით, დაკავებულია მათი პარტიის 5 წევრი.

მიმდინარე პროცესებს "ტვიტერზე" გამოეხმაურა "ქართული ოცნება". განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასავლეთის მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციური ძალებია აქეზებენ ძალადობას და აღრმავებენ პოლარიზაციას.

საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც. ნინო ლომჯარია პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეებისთვის კარვის გაშლის ხელშეშლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას, აღნიშნული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system