თავში

პოლიტიკური მოძრაობა "დროა" განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური მოძრაობა "დროა" განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკური მოძრაობა დროა განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური მოძრაობა “დროა” საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და მოითხოვს, შეასრულოს საკუთარი მოვალეობა, რათა უზრუნველყოს ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. 

ელენე ხოშტარიას პოლიტიკური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ივლისში დაგეგმილი "ღირსების მარში" მშვიდობიანად ჩატარდეს.

"17 ივნისს, „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „პრაიდის კვირეულის“ ორგანიზატორებს უარი უნდა ეთქვათ “ღირსების მარშის” ჩატარებაზე, რადგან კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება.

“ქართული ოცნების” ხელისუფლება წლებია მიზანმიმართულად უშლის ხელს ლგბტქი ადამიანებს მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობაში. ძალადობრივი ჯგუფების გამოყენებით, მმართველი ძალა ცდილობს, დანერგოს შიში და დაგეგმილი ღონისძიებების მშვიდობიანად ჩატარების პასუხისმგებლობა გადაიტანოს ლგბტქი ადამიანებსა და მათი უფლებების დამცველ ორგანიზაციებზე.

ირაკლი კობახიძის ეს განცხადება საშიშ გზავნილებს შეიცავს საზოგადოების არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფისთვის, არამედ ყველასთვის. ეს არის ღია განაცხადი, რომ ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების გარანტირებულ უფლებებს შერჩევითად, პოლიტიკური ინტერესების მიხედვით იცავს.

საქართველოს ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციის მიხედვით მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებაა, ხოლო მისი დაცვა კი სახელმწიფოს პირდაპირი პასუხისმგებლობა" - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system