თავში

პრემიერ-მინისტრი დავით მუმლაძის მკვლელობაში პოლიციელების მონაწილეობას ეხმაურება

პრემიერ-მინისტრი დავით მუმლაძის მკვლელობაში პოლიციელების მონაწილეობას ეხმაურება
პრემიერ-მინისტრი დავით მუმლაძის მკვლელობაში პოლიციელების მონაწილეობას ეხმაურება

როდესაც სამართალდამცავი თავისი კოლეგების, მთლიანად სისტემის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ჩაიდენს დანაშაულს, ჩვენ ბევრჯერ უფრო მკაცრები ვიქნებით. ჩვენი მიდგომა აქ იქნება აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეს. 

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქმეში პოლიციელების ფიგურირება უაღრესად მძიმე აღსაქმელია, თუმცა ერთეული შემთხვევების გამო სამართალდამცავებს, რომლებიც ქვეყანას ღირსეულად ემსახურებიან, ჩრდილი არ უნდა მიადგეთ.

„მინდა შევეხო ბოლო კვირის განმავლობაში მძიმე შემთხვევას, როდესაც მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ 5 ადამიანს შორის 2 პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად მძიმე აღსაქმელი, რა თქმა უნდა, ეს არის მძიმე კომპონენტი, მძიმე შედეგი, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, ერთეული შემთხვევები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიაყენებს ჩრდილს 40 000 ადამიანს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ამ ქვეყანას და თავისი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად, იცავს თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას, საკუთრებას და მის ღირსებას. ასევე, უნდა გვესმოდეს ისიც და ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მაშინ როდესაც დადასტურებულად გვექნება ფაქტი, როდესაც სამართალდამცავი თავიანთი კოლეგების, მთლიანად სისტემის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ჩაიდენს დანაშაულს, ჩვენ ბევრჯერ უფრო მკაცრები ვიქნებით და ჩვენი მიდგომა აქ იქნება აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი, რამეთუ ვერასოდეს ვერავინ დააყენებს ათასობით პოლიციელის, კეთილსინდისიერი პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობასა და ღირსებას კითხვის ნიშნის ქვეშ ერთეული შემთხვევების გამო“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

რუსთავში დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში ექვსი პირია მიცემული. მათგან ხუთი პატიმრობაშია ერთი კი,ზურაბ ჯღარკავა, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებიან, ამ დრომდე იძებნება. ასევე საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდება წარდგენილი აქვს გიორგი ასათიანს. პოლიციის თანამშრომლებს მიხეილ ღუბიანურს და დიმიტრი დუღაშვილს, ასევე ყოფილ სამართალდამცველს დავით მიროტაძეს და კიდევ ერთ პირს, გიორგი გეთაშვილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დავით მუმლაძესთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებიან.

35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა. საქმეზე ამ დროისთვის 5 პირია დაკავებული, მათგან 3 შსს-ს თანამშრომელია, მათ შორის 2 მოქმედი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system