თავში

პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა
პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"მივიღე გადაწყვეტილება გამოვცეუგულავას და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი.

სანამ მათი შეწყალება ძალაში შევა, მინდა მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება იოლი გასაგები ვერ იქნება და შესაძლოა ვერც მაპატიოს.

სანამ ჩემი, ამ ურთულესი გადაწყვეტილების მიზეზს ავხსნი, შეწყალების არსი, კიდევ ერთხელ, ყველას გასაგებად, უნდა განვმარტო:

არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს რამეთუ ჩემი სრული პასუხისმგებლობით ვახცადებ, რომ საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები.

ზვიადის და მერაბის შემდეგ, და წინა ხელისუფლების მიერ ასეულობით პოლიტპატიმრით ციხეების გადავსების მაგივრად, დღეს საბედნიეროდ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საქართველოში.

გასაგები რომ იყოს, დავამატებ, პოლიტიკოსი, რომელიც ციხეში იხდის სასჯელს, მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება - იგი მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია.

ამ თემით სპეკულირება ემსახურება ქვეყნის დისკრედიტაციას, ამდენად სრულიად მიუღებელია და უნდა დასრულდეს!

არ ვიწალებ უდანაშაულო ადამიანებს. შეწყალება არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს სასამართლო განაჩენის გადასინჯვას ან გადაფასებას. დამნაშავე რჩება დამნაშავედ, სასჯელისგან თავისუფლდება და არა დანაშაულისგან. ანუ შეწყალება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს დამნაშავეს გამართლებას!

არავის, არც მანამდე, და არც ეხლა არ ვიწყალებ სხვისი თხოვნით და კარნახით, ზეწოლით, მუქარით, რეკომენდაციით, შიშით.... და ეს უკვე არაერთხელ დავამტკიცე!

პრეზიდენტის ამ ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე ,,უნდათი“ არავინ არ უნდა საუბრობდეს!

მითუმეტეს, არ ვიწყალებ ჩემს გარეშე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რომელშიც არც მონაწილეობა მიმიღია და არც ინფორმირებული ვყოფილვარ. თუმცა არაერთხელ შევთავაზე მხარეებს საპრეზიდენტო პლატფორმის გამოყენება. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური შეცდომაა დამნაშავეების ბედი პირდაპირ თუ ირიბად, განიხილებოდეს თუნდაც საკონსტიტუციო, თუ საარჩევნო შეთანხმების ფარგლებში.

ეს შეწყალება არ ეფუძნება ჩვეულებისამებრ ჰუმანირ პრინციპებს ან ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის გამო შესაძლოა, ადამიანს შეუმსუბუქდეს სასჯელი ან სრულად გაუუქმდეს.

ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ, არა როგორც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ამ ადამიანების რეალური ქმედებები და დანაშაულები ქვეყნის წინაშე, არამედ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი. როგორც კონსტიტუცია ამის უფლებას მანიჭებს, მარტო, ჩემი პასუხისმგებლობით. მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას.

როგორც საზოგადოებამ კარგად იცის, მე ამ ქვეყანაში ჩამოვედი არც პირადი ამბიციების, არც მატერიალურ ან სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. მე

მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სამშობლოს ბედი და მომავალი მაინტერესებდა და მაინტერესებს დღესეც. ამის გამო მოვითმინე და კიდევ მოვითმენ შეურაცხყოფას.

ჩემი პრინციპულობა არსად წასულა და ზუსტად პრინციპულობის გამო ჩემს ემოციებს და პირად შეხედულებებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ვერ დავაყენებ!

ახლა მთავარი - ანუ რატომ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას?

დღეს ქვეყანა, იმის მიუხედავად, რომ ყველას მიერ აღიარებული წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს, იმის მიუხედავად, რომ ისეთი დემოკრატიული, თავისუფალი და სტაბილურია, როგორიც არასდროს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ, დგას მწავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე.

პირდაპირ ვიტყვი, რომ მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც მეც მივესლამე, რჩება გარკვეული ბუნდოვანება (რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა), რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დააყენოს საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, და მაშასადამე, საფრთხე შეუქმნას ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს - სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას.

ოპოზიცია ამ სიტუაციით მანიპულირებას ცდილობს, არეულობის გამოწვევას, ისევ ქუჩაში პროცესესების გადატანას და ამით დესტაბილიზაციის პროვოცირებას. თუმცა ამისი ძალა ნაკლებად გააჩნია. მეორე მხრივ, ისიც არ სჩანს, რომ ,,ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ვითარებიდან სწრაფი გამოსვლის და სიტუაციის განმუხტვის ბერკეტი გააჩნდეს. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ გამოსავლის პოვნა, სიტუაციის განმუხტვა, სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება! ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება.

ვერ დავუშვებ ორი დამნაშავის გამო, რომ სიტუაცია გამძაფრდეს. ვერ დავუშვებ ახალ პოლარიზაციას და დაპირისპირებას. ვერ დავუშვებ რომ ამათ გამო, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული შეთანხმება არ შესრულდეს. სხვა შემთხვევაში ქვეყანა ვერ გაუმკლავდება, ვერც კორონას, ვერც ეკონომიკურ და ვერც სოციალურ გამოწვევებს. ჩვენი სტაბილური, დემოკრატიული და ევროპული მომავალი ამ სასწორზე დევს!

რადაც არ უნდა მიღირდეს - და მერწმუნეთ ეს ნაბიჯი ჩემი მანდატის ერთ-ერთ ურთულეს გადაწყვეტილებად დარჩება - მე ორ ადამიანს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებ.

დღეს ჩემ თავზე ვიღებ ამ მძიმე ტვირთს, ვათავისუფლებ, საზოგადოების დიდი უმრავლესობისთვის, ოდიოზურ ფიგურებს და ამავდროულად, ერთხელ და სამუდამოდ ვათავისუფლებ ქვეყანას იმ წარსულისგან, რომელიც რეალურად წინსვლაში გვაფერხებს და საფრთხეს უქმნის მომავალს.

საქართველოში ჩატარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები და ამას ხელს ვერავინ შეუშლის ! " — განაცხდა ზურაბიშვილმა

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 2020 წლის 13 აპრილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system